მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქული კომპანია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უჩივის

5af97071af534
თამუნა დემეტრაშვილი
14.05.18 15:15
597
თურქული კომპანია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის და სატენდერო გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. საუბარია 8,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლის ფარგლებშიც უწყება 19 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანის შეძენას გეგმავს. თურქული კომპანია KATMERCILER ARACUSTU EKIPMAN SANAYI VE TICARET A.S.-ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება.

თურქული მხარე ამტკიცებს, რომ სახანძრო მანქანის მოდელის ბეჭდვისას გამორჩენილია ციფრი ნული და მოდელის MAN TGM 1833 4x4 BB-ის ნაცვლად უნდა ეწეროს MAN TGM 18,330 4x4 BB.

"დისკვალიფიკაციის ოქმში ვკითხულობთ, რომ სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი MAN TGM 1833 4x4 და მოდელი MAN TGM 18.330 4x4 BB "არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან",-ნათქვამია კომპანიის სარჩელში, თუმცა თურქული მხარისათვის გაურკვეველია როგორ აღმოაჩინა სატენდერო კომისიამ მოდელებს შორის "არსებითი განსხვავება”, როცა ავტომანქანის ასეთი მოდელი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს.

კომპანია მოითხოვს, რომ მათ დოკუმენტაციის დაზუსტების საშუალება მიეცეთ, რადგან ერთი ციფრის დამატებით, ავტომანქანის მოდელი და მისი მახასიათებლები არ იცვლება.

შეგახსენებთ, რომ 8 მილიონიან ტენდერში მონაწილე 3 კომპანიიდან, ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე 2 კომპანიაა დისკვალიფიცირებული - მოსარჩელეა თურქული კომპანია და "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ი. ტენდერის შერჩევა/შეფასების ეტაპზე კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ია დარჩენილი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მანქანების მიწოდებას 7, 9 მილიონ ლარად სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები