საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქარდავას ინფორმაციით, გაუტეხავი თხილის ფასი სამეგრელოში წელს 2.5-დან 5.5 ლარამდეა, კახეთში კი - 7 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება საექსპორტო ღირებულებას, როგორც ლევან ქარდავა აცხადებს, წელს ფასი 4.7- 5.5 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლის ამ პერიოდში თხილი ყოველთვის ძვირია, ქართული თხილის შემთხვევაში წელს მსგავსი ტენდენცია არ იკვეთება.
ამის მიზეზად ქარდავა აქცენტს, ერთი მხრივ, ქართული თხილის ხარისხსა და მეორეს მხრივ, თურქეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე აკეთებს.
„მოგეხსენებათ, თხილის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. წელს ჩასაბარებელი გაუტეხავი თხილის ფასი 2.5-დან 5.5 ლარამდე მერყეობს, ხარისხიდან და გამოსავლობიანობიდან გამომდინარე, ფასი უფრო მაღალია კახეთში, სადაც თხილის ფასი, დაახლოებით, 7 ლარია. საექსპორტო ფასი დამოკიდებული იყო თურქეთის ფაქტორზე. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, თურქული თხილიც საკმაოდ იაფი ღირდა, რის გამოც მოგვიწია მათ მიერ დაწესებული თამაშის წესებზე მორგება. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ხარისხის მხრივ გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი სიტუაცია არ გვქონია. ზოგიერთ რაიონში პირიქითაც მოხდა. მაგალითად, შარშან თუ წალენჯიხასა და ჩხოროწყუში კარგი მოსავალი იყო, წელს მწარმოებლებმა იმდენად დიდი ყურადღება აღარ მიაქციეს და შედეგიც ცუდი დადგა. შესაბამისად, ფასიც არ შეცვლილა და თითქმის იგივეა, რაც შარშან იყო“, - განაცხადა ქარდავამ.