გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც თუშეთის დაცული ტერიტორიის ფართობი 2245 ჰა-თი იზრდება.
ცვლილების შესახებ განმარტებითი ბარათის მიხედვით, სოფელ ტბათანისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ეფუძნება „თუშების სათემო საბჭოს“ ინიციატივას და შეთანხმებულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან. თუშეთის დაცული ლანდშაფტის გაფართოების შესაძლებლობა და მის საზღვრებში სოფელ ტბათანის მოქცევა, აგრეთვე დადებითად შეფასდა 2021 წელს ჩეხი ექსპერტების მიერ „კავკასიის ბუნების ფონდის“ (CNF) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ფარგლებში.
სამინისტრო ელოდება, რომ გაფართოებით შეიქმნება ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობა ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცული ტერიტორიებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ურთიერთდაკავშირებული ქსელის ჩამოყალიბებას.
კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ვინაიდან გათვალისწინებულია ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის დაცული ტერიტორიის ოპერირების მიზნით დამატებითი სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს ვადა საჭიროა, რომ შესაბამისი თანხა გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში (მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის).