თუშეთში ტურისტული სეზონი დაგვიანებით იწყება. საოჯახო სასტუმრო „ცეცეს“ მენეჯერი ლილი იდიძე BM.GE-სთან სეზონის დასაწყისს აფასებს და ამბობს, რომ დღეს სტუმრები არ ჰყავთ, თუმცა ჯავშნები პარასკევიდან კვირის ჩათვლით აქვთ.
„დატვირთულობა ჯერჯერობით არ არის მაღალი, იმიტომ რომ გზა გვიან - ერთი კვირაა, რაც გაიხსნა. თუმცა გზის დაგვიანებით გახსნის პირობებში ტურისტებს უკვე ვუმასპინძლეთ. ძირითადად, უცხოელი ტურისტები არიან, ქართველები უფრო ალბათ თვის მეორე ნახევრიდან ამოვლენ“, - აღნიშნა ლილი იდიძემ.

ომალოში, სასტუმრო „ცეცე“ სტუმრებს ერთ, ორ და სამკაციან ნომრებს და ორჯერად კვებას სთავაზობს. ორკაციანი ოთახის ღირებულება კი 240 ლარია. საოჯახო ბიზნესი დამსვენებელს საცხენოსნო და სამანქანო ტურებსაც სთავაზობს.
სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ ჯავშნები ძირითადად უცხოელების მხრიდან ივლისის შუა რიცხვებიდან ჰქონდათ, თუმცა უგზოობის გამო ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა.
„ჯავშნები უფრო ივლისის ბოლოდან არის. იმედი გვაქვს რომ ვიმუშავებთ იმიტომ რომ შარშან კარგი სეზონი იყო და იმედი გვაქვს, რომ წელსაც ასე იქნება. როგორც გითხარით ძირითადად უცხოელების ჯგუფებს ვმასპინძლობთ. ფრანგებიც იყვნენ ჩვენთან, ამერიკელებიც, იაპონელებიც ჰყავდათ ამოყვანილი“, - აღნიშნავს ლილი იდიძე.




























