მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუშური გუდის ყველი, რომლის ტრანსპორტირებისთვის ცხენებს იყენებენ, ექსპორტზე ამერიკაში გავიდა

58a951b5c1b8f
BM.GE
19.02.17 13:00
4796
თუშეთში პირველი კოოპერატივი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გუდის ყველს აწარმოებს. კოოპერატივი 11 წევრისგან შედგება და გუდის ყველის 4 სახეობაზე მუშაობს,- თემაზე ’’საქმიან დილასთან“ თუშური გუდა ყველის მწარმოებელი კომპანიის, კოოპერატივი "ალაზნისთავი"-ს წარმომადგენელი გიორგი აბულიძე საუბრობს.

-როგორ მოიფიქრეთ, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ მაღალმთიან და მიუვალ თუშეთში, თანამედროვე საწარმო გაგეკეთებინათ?

- გუდის ყველი ქართული ყველის სახეობებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავარაგებული ყველის სახეობაა, რომელიც საქართველოში ბოლო 20-25 წელია თითქმის აღარ კეთდება. ფერმერები მასიურად არიან გადასულები გუდის ყველის პოლიეთილენის პარკებში კეთებაზე, რაც გუდის ყველს პირდაპირ აკნინებს. 2015 წელს გადაწყვეტილება მივიღეთ და კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ და გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით გვემუშავა და შექმნილი სიტუაცია გაგვებათილებინა. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებაში სწორი შეხედულება დაგვემკვიდრებინა თუ რა არის და რა შეიძლება იყოს ნამდვილი გუდის ყველი. დამკვიდრებული იყო წარმოსახვა, რომ თითქოს გუდის ყველს რაღაც სპეციფიკური სუნი აქვს და ჩვენ ამ მითის დამსხვრევის პროცესში ვართ უკვე ორი წელია.

-როგორც ვიცით, ევროკავშირის პროექტის ენპარდის ფარგლებში დაფინანსდით...

-ენპარდის პროექტის ფარგლებში 2015 წელს დაფინანსება მოვიპოვეთ და შუამავალი, საქველმოქმედო ორგანიზაციისა და ბიოლოგიური მეურნეობის ორგანიზაციის თანადგომითა და მხარდაჭერით განვახორციელეთ ეს პროექტი, რომელიც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ 15 კმ მანძილზე ჩვენ სამანქანე გზაც არ გვაქვს, რაც მშენებლობის პროცესს ძალიან ართულებდა, მაგრამ ამას არ შევუშინდით, სამშენებლო მასალების გადაზიდვა ვერტმფრენით გვიწევდა. უშუალოდ ყველის ჩამოტანას რაც შეეხება, ჩენი მთავარი ტრანსპორტი ცხენებია, ვინაიდან გზა არ გვაქვს. ეს იყო პროექტი მთავარი აქცენტი და ჩვენი ინიციატივა. ტრადიციული გუდის ყველის წარმოება ყოველთვის ისეთ ადგილებში ხდებოდა, სადაც ალპური საძოვრები იყო და სამანქანე გზა არ არსებობდა. ბოლო წლების განმავლობაში რაც თუშეთში გზა გავიდა, ფერმერები და მეცხვარეები თავის ბინებს და ფერმებს გზის პირა ზონებში აშენებენ, რასაც ასევე ძალიან უარყოფითი შედეგი აქვს, იგივე გარემოს დაცვის კუთხით, ვინაიდან ეს გადაძოვების დიდ პრობლემას ქმნის და საბოლოო შედეგად ნიადაგის ეროზიას ვიღებთ.

-თქვენი კოოპერატივის 11 წევრიდან ყველა ადგილობრივია?

-ჩვენი კოოპერატივის 11 წევრი ყველა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. აქედან 5 ადამიანი ზაფხულის განმავლობაში უშუალოდ თუშეთში, ფერმაში მუშაობს. პირადად მე მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა იქაც ხშირად მიწევს ასვლა და საქმეში ჩაბმა. ზაფხულში სულ იქ ვარ.

-თქვენი პირუტყვი გყავთ თუ რძეს იბარებთ?

-გვყავს პირუტყვი და რძეს ფიზიკურად ვერ ჩავიბარებთ, რადგან ტრანსპორტირების აშკარა პრობლემა გვაქვს ფაქტია. საწარმოში გვყავს, როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა პირუტყვი და ჩვენივე საქონლის რძისგან ვამზადებთ ჩვენ პროდუქციას.

-თქვენი გუდის ყველი ამერიკაში გასულა, რაც საკმაოდ სერიოზული განაცხადია, რადგან ყველის ექსპორტი ისეთი მარტივი არ არის. ამას რეგლამენტები აქვს, ’’ჰასპის“ სტანდარტი და სხვა გზები აქვს გასავლელი და როგორ მოახერხეთ თქვენი ყველის ამერიკაში გატანა?

-ამ მიმართულების აქტიურად ვმუშაობთ. შუამავალი ექსპორტიორი კომპანიის მეშვეობით ამერიკის ბაზარზე გაგვაქვს ჩვენი პროდუქტი. ამერიკაში ბევრი ქართველი ემიგრანტია და ისინი ყიდულობენ ჩვენ ყველს. ჩვენი პროდუქტის პრეზენტაცია გვქონდა საფრანგეთში, პარიზში. ასევე მოლაპარაკებები გვაქვს ებრაული ბაზრის წარმომადგენლებთან, სადაც შემდეგ კვირას უკვე ჩვენი ყველის პირველი პარტია შევა. შემოდგომიდან კი ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია აუცილებლად გავიტანოთ რუსეთში, რაზეც უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

-რამდენ პროდუქციას აწარმოებთ?

-წელს ჩვენ 5 ტონა ცხვრის გუდის ყველი ვაწარმოეთ, რაც ბევრი ნამდვილად არ არის, თუმცა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ამ რაოდენობის 15 ტონამდე გაზრდას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, იქ სადაც ჩვენი ფერმა მდებარეობს ლიმიტიც არის, რადგან საძოვარი რაღაცაზე მეტს ფიზიკურად ვერ აუვა. სხვა ფერმერებსაც დავაინტერესებთ და ჩავრთავთ მუშაობაში.

-გუდის ყველის ოთხი სახეობა გაქვთ?

-აქედან პირველი ცხვრის რძისგან წარმოებული გუდის ყველია, რომელიც ტრადიციული თუშური ყველია. მეორე ძროხის რძისგან დამზადებული ყველი, რომელიც ცხვრის ტყავისაგან დამზადებულ გუდაში ინახება და ორი სიახლე შემოვიტანეთ. გვქონდა ორი ტრადიციული ყველის სახეობა, ეს იყო შერეული, 50/50-ზე ცხვრისა და ძროხის რძისგან შერეული ყველი, რომელიც ტრადიციულად საქართველოს მაღალმთიანეთში კეთდებოდა, მაგრამ დღესდღეობით ამას აღარავინ აღარ აკეთებდა. ასევე ჩოგის წარმოების ტრადიცია აღვადგინეთ, რომელიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. ყველის ამ ოთხი სახეობაზე კვლევასავით ჩავატარე, პრეზენტაციებზე ყველას ვეკითხებოდი, რომელი მოწონდათ ყველაზე მეტად და ყველა ერთხმად აღნიშნავდა და უპირატესობას ჩოგზე აკეთებდა. ჩოგი არის ცხვრის რძისგან დამზადებული მდნარი ყველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები