ორ კვირაში თუშეთში ცხვრის წველის სეზონი იწყება, ამის შესახებ Bm.ge-ს თუშმა მეყველემ, კოოპერატივ ,,ალაზნისთავის“ დამფუძნებელმა, პაატა აბულიძემ განუცხადა, მისი განმარტებით, ამჟამად მეცხვარეებს ფარები შირაქისა და სამუხის ზამთრის საძოვრებიდან თუშეთში აჰყავთ. წელს კოოპერატივი 8 ტონა გუდის ყველის წარმოებას გეგმავს, 3 ტონით მეტს ვიდრე გასულ წელს.
,, ზამთრის საძოვრებიდან უკვე წამოვიდა ცხვარი და სადღაც 1-ლი მაისისთვის ის უკვე თუშეთში იქნება, ვფიქრობ 5-6 მაისისთვის დავიწყებთ წველას და გუდის ყველის დამზადებას.
ჩვენ გუდის ყველის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია აღვადგინეთ და მას ცხვრის ტყავისგან დამზადებულ გუდაში ვამზადებთ, ეხლაც სწორედ 200-მდე გუდა მაქვს მომზადებული, რომელიც მთაში, გომეწრის ხეობაში, ალაზნის თავში უნდა გადავიტანო, სადაც ჩვენი ფერმა და საწარმო მდებარეობს. ის სოფლებს მოცილებულია და სამანქანო გზა არ მიდის, ამიტომ ველოდები თვითმფრინავის რეისს, რომელიც 5-6 მაისს იქნება.
ვამზადებთ ტრადიციული სახეობის ყველს: ცხვრის, ძროხის, შრეულ და მდნარ გუდის ყველს, ცხვრის რძისგან დამზადებულ ყველს სვილობს ვუწოდებთ, ძროხისას - ლარტუშოს, შერეულს - დოვნას, ხოლო მდნარ გუდის ყველს ჩოგს. წარმოებული ყველის 50%-ს თბილისის სუპერმარკეტებში, 50%-ს კი ექსპორტზე ვყიდით. წარმოება 2016 წელს 3 ტონიდან დავიწყეთ, შარშან სეზონზე 5 ტონა დავამზადეთ, წელს კი 8 ტონას ვგეგმავთ. თბილისის სუპერმარკეტებს, კილოგრამ ყველს, 20-დან 23 ლარის ფარგლებში ვაწვდით “ - განაცხადა პაატა აბულიძემ.
კოოპერატივის ,,ალაზნისთავი“ კუთვნილი ფერმა და ყველის საწარმო თუშეთში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრ სიმაღლეზე, 2015-2016 წლებში ევროკავშირის, ENPARD - ის პროექტის ფარგლებში აშენდა, რომლისთვისაც 98 500 ლარის გრანტი გამოიყო. კოოპერატივში 11 წევრია გაერთიანებული, რომელთა უმრავლესობაც თუშია. კოოპერატივმა ყველის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აღადგინა და გუდის ყველის პოლიეთილენის პარკში დამზადების მეთოდი, რაც ბოლო 20-30 წელია აქტიურად გამოიყენებოდა, ძველი წესით ჩაანაცვლა.

























