TV Imedi-ის 100%-იანი წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ შესულა. როგორც bm.ge-ს კომისიიდან აცნობეს, მეპატრონე ვალდებულია მარეგულირებელს გარიგების შესახებ 10 დღის ვადაში აცნობოს, რაც ამ უკანასკნელმა უწყებრივ რეესტრში უნდა ასახოს.
bm.ge-ის ინფორმაციით, HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100 % ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ლიბერთი ბანკის" აქციების 74,64%-იც ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე)