Tv Pirveli-ს დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ის გამოკითხვას გამოძიების დაწყებიდანვე ითხოვდა და რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია.
“პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, სამწუხაროდ ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის იდიოტიზმი. ახლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი.
ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ის, რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში. თუ უნდათ, რომ ხალხმა დაცინოს ამ ქეისს…”,- განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში 2 დღის წინ დაიბარეს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.
„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, tv “პირველს” არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !”, - წერდა წერეთელი.
ვახტანგ წერეთელი იმ კომპანიების დირექტორი იყო, რომლებიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ფიგურირებენ.
მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.
პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.
“2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა,”-აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურისვე ცნობით, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პაატა ღაძაძე რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

























