შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.
“ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“, - უთხრეს IPN-ს შსს-ში.
საქმე ის არის, რომ "ტვ პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს", მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, ძალის გამოყენებით, როგორ სვამს რამდენიმე პირი, რომლებისგანაც არც ერთს ეცვა ფორმა და არც საბუთი წარუდგენიათ ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: "ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი".
თანამშრომლები და ადვოკატი ჯიოშვილს მთელი ღამის განმავლობაში, სხვადასხვა განყოფილებებში ეძებდნენ და უწყებებისგან ინფორმაციას ვერ იღებდნენ.
ადვოკატის თქმით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს. ასევე, მას არ აძლევდნენ ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობას.


























