თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი ამორტიზებული კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ოთხი პირი დააკავეს.
მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპოლიციო ძალებმა მოსახლეობას საკუთარი ნივთების შეგროვების საშუალება არ მისცეს, მათმა ნაწილმა კი, დაახლოებით 10-მა ადამიანმა, შენობის დატოვებაზე უარი თქვა. პოლიციამ სცადა, მოსახლეობა შენობიდან თავად გამოეყვანა, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაკავების მანქანებით გაიყვანეს ტერიტორიიდან.
თვალჭრელიძის ქ. N1-ში გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს დილიდან დაიწყო. მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
მოსახლეობა, რომელთა შორისაც 58-ს დევნილის სტატუსი აქვს და აღნიშნულ შენობაში 2 წლის წინ შესახლდა, თბილისის მერ კახა კალაძესთან ან სხვა უფლებამოსილ პირთან შეხვედრას ითხოვს.
"ოცნების" დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსში შესახლებული დევნილების უმრავლესობა, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებლით, დანარჩენების შემთხვევაში კი მიმდინარეობს განხილვა.
"ყველა მოქალაქე, ვინც დღეს იქ იმყოფება, არ არიან დევნილები, მათი რიცხვი არის 58, რაც იდენტიფიცირებულია, ეს მცირე ნაწილია მთლიანად იქ შესული ადამიანებისა და მათგან საკმაოდ დიდ ნაწილთან, თითქმის ნახევართან მიმართებით, სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფის კონკრეტული გადაწყვეტილებები; არამცთუ შეთავაზება, არამედ უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებული.
რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, უდიდეს უმრავლესობასთან დაკავშირებით, არის კონკრეტული პროექტები და განაცხადები, რომლებიც განიხილება, ზოგიერთს შეტანილი აქვს რუსთავის მიმდინარე მშენებლობაზე, ზოგიერთს ზუგდიდში და ეს განხილვის პროცესშია. კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით და მათი სოციალური საჭიროებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
რჩება სულ რამდენიმე ადამიანი, ხუთია მათი რიცხვი, ვისაც არც ერთ პროგრამაზე დევნილთა სამინისტროსთვის არ მოუმართავს და მათი საკითხიც განხილული იქნება და რელევანტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, საკუთრების უფლება დაიცვას. როგორც ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა.




























