რა არის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი
შემოსავლების სამსახურისგან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს მოსახლეობის განაწილებას მათი შემოსავლების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს 191 ათას მოქალაქეს აქვს თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი. 100-200 ლარი 110 ათას მოქალაქეს აქვს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ შემოსავალს - 100,000 ლარზე მეტი (ანუ თვეში 8333 ლარი) მხოლოდ 7.8 ათას მოქალაქეს, ანუ მთლიანი მოსახლეობის 0.21%-ს აქვს. მთლიანობაში, ოფიციალური ხელფასების სახით ქვეყანაში 13,369,344,334 ლარი გაიცა. მაღალი ალბათობით, იმ ადამიანების ნაწილი, ვისაც წლიურად საშუალოდ 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, რეალურად სეზონურად დასაქმებულებს წარმოადგენენ.
სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი ჯგუფი, არამედ საშუალო ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს რეგისტრირებული შემოსავლების მქონე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.69 მილიონი ადამიანი (2018) წელი, თუმცა, რეგისტრირებული ანუ დადასტურებული შემოსავლები ამ 1.69 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1.13 მილიონს აქვს. შესაბამისად, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, ვისაც საქსტატი დასაქმებულად აღრიცხავს, წლის განმავლობაში არცერთი თეთრის შემოსავალი არ აქვს. ადამიანები, რომელთაც სტატისტიკა დასაქმებულად აღწერს, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, თვითდასაქმებულები არიან. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია თვითდასაქმებული.
შემოსავლების სამსახურისგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, ირკვევა, რომ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის შემცირება დაბალი ტემპით ხდება. 2009-2012 წლებში მათი რაოდენობა ვისაც შემოსავალი აქვს 760 ათასიდან, 1.1 მილიონამდე გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი იყო წლები, როდესაც რეგისტრირებული შემოსავლების მქონე პირთა რაოდენობა მცირდებოდა.