მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტვირთი არის როგორც წყალი, თუ პატარა დაბრკოლებას შეუქმნი, ძალიან მალე პოულობს ახალ გზებს"

5ce4004aacef3
თათია ჩაფიჩაძე
22.05.19 09:50
1575
„ანაკლია სითის“ გენერალურმა დირექტორმა „საქმიანი დილის“ ეთერში საზღვაო ტვირთების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ გამართული ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ გაცილებით დიდი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

„ჩვენ ვნახულობთ, რომ აზერბაიჯანში განხორციელდა პორტის განვითარების ახალი ფაზა და გაძლიერებული მასშტაბებით რკინიგზის მოდერნიზაცია ხდება. ვხედავთ, რომ ყაზახეთში ხდება პორტის განახლება, ასევე თურქმენეთში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პორტი აშენდა, ამიტომ მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობა.

ჩემი ყაზახი პარტნიორის სიტყვებს დავესესხები და ვიტყვი, რომ ტვირთი არის როგორც წყალი, თუ პატარა დაბრკოლებას შეუქმნი, ძალიან მალე პოულობს ახალ გზებს ანუ მარშრუტი ბევრია, ტვირთი ყოველთვის გადაადგილდება ერთიდან მეორე პუნქტზე, მთავარია, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, რომ შევეცადოთ მეტი ტვირთის წამოღებას ამ მარშრუტზე.

წლევანდელი სტატისტიკა ძალიან კარგი იყო, 40%-იანი ზრდა გვაქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი ინფრასტრუქტურა და ახალი მოცულობები შეიქმნას, რადგან 2 წელიწადში არსებული პორტები საქართველოში უფრო მეტ ტვირთს ვერ გაატარებენ და ეს იქნება დიდი დაბრკოლება საქართველოსთვის და რეგიონისთვის, მაგრამ თუ ჩვენ ახალ საიმედო ინფრასტრუქტურას შევქმნით, რომელიც 100%-ით გამართულად იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში, შევძლებთ შავ ზღვაში მოცურავე დიდი გემების მიღებას. იცით, რომ დღეს მხოლოდ 25%-ს იღებს ქვეყანა, 75-ს კი, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ვერ იღებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ პირველ რიგში, ანაკლიის ეკონომიკური ზონა უნდა გახდეს პლატფორმა ქართველი კომპანიებისთვის და ასევე, საერთაშორისო კომპანიებისთვის.

„ობიექტურად უნდა შევაფასოთ და ვთქვათ, რომ უნდა მივცეთ კომპანიებს შესაძლებლობა, რომ საქართველო გამოიყენონ, პირველ რიგში, ტვირთების დასაწყობებისთვის და შემდეგ უნდა მოხდეს დამატებითი ღირებულების შექმნა, აწყობა, შეფუთვა, დასაწყობება, წარმოება. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის, თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ შესაძლებელია, თუ მუშაობა იქნება. ჩვენ შეგვიძლია შემდეგი 10 წლის განმავლობაში ავითვისოთ 500 ჰა მიწა, რომელიც შექმნის დაახლოებით, 16 000 სამუშაო ადგილს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები