”ოქტომბრიდ ბოლოსთვის საქართველოში „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი გახდება და რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება (დონალდ) ტრამპის სტანდარტით“, - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის და რეანიმატოლოგების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ცერცვაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით, პრეპარატ „რემდესივირის“ ქონის ფუფუნება აქვს მხოლოდ აშშ-ს, ხოლო რამდენიმე ქვეყანამ შეიძინა და მიღებას ელოდება.
„მთელი მსოფლიო ამ მედიკამენტის რიგში დგას და გასავლელია ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა. ზოგ შემთხვევაში, მოწოდებას სჭირდება ორი თვე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მოიძებნა მეთოდი, რომლითაც 10-14 დღეში განხორციელდება მოწოდება და, დაახლოებით, 25-30 ოქტომბრიდან საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი გახდება. ცოტა უფრო შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლის კვლევაშიც მივიღებთ მონაწილეობას, მათ შორის ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.