ჩირის კომპანია „ჩიკორი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს.
როგორც კომპანიის დირექტორმა, ანანო ბეჟანიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა, კომპანიის პროდუქცია ამ დრომდე ევროპის ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში, გერმანიაში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და სხვა ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი. თუმცა, ბეჟანიშვილი დასძენს, რომ ახალი ბაზარი, რომელთანაც წლებია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, აშშ-ს ბაზარია. მისივე თქმით, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და თვის ბოლოს პირველ სატესტო ექსპორტსაც გაიტანს. ამასთან, მოლაპარაკების საწყის ეტაპზეა იტალიის ბაზართანაც, რომლის შედეგებიც მომავალში იქნება ცნობილი.
„ყოველწლიურად წარმადობის 20%-მდე ზრდას ვცდილობთ და ჯერჯერობით, ამ გეგმას წარმატებით მივყვებით. წლიურად, 300 ტონა ჩირს ვაწარმოებთ, საიდანაც ბოლო წლებში პროდუქციის დაახლოებით 50% ექსპორტზე გაგვაქვს. ნედლეულს მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ. ამასთან, მცირე რაოდენობა ქარელში, ჩვენ საკუთრებაში არსებული ბაღებიდანაცაა.
აშშ-ში ახლა 1 პალეტი, ანუ 3000 შეფუთვა სხვადასხვა სახეობის პროდუქტი მიაქვთ. მიზანი ისაა, რომ აშშ-ს ბაზარზე ყველა პროდუქტი დაიტესტოს. თუ რომელი გაამართლებს ან არ გაამართლებს. იმისათვის, რომ ამერიკაში გაგვეყიდა, FDA -ს და სურსათის უვნებლობის სერტიფიკატები, რომლებიც აშშ-ს ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ რომ ონლაინ მაღაზიებში გაიყიდება. შემდეგ უკვე გვაქვს მიზანი, რომ გავფართოვდეთ“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის: ქარელის ხილი „ჩიკორი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, რომელსაც ქარელში, სოფელ სამწევრისში 25 ჰა-ზე გაშენებული შავი ქლიავის ბაღი და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო აქვს. ბრენდის ქვეშ დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. ბრენდის პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროპის ქვეყნებში, კერძოდ: საფრანგეთში, ლიტვაში, ლატვიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში. “ჩიკორის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია “კარფურის”, “გუდვილის”, “აგროჰაბის”, “სპარის”, “ნიკორას”, “იოლის”, “ევროპროდუქტის”, და სხვა მაღაზიათა ქსელებში და უბნის მარკეტებში, კომპანიას აქვს ონლაინ მაღაზიაც, სადაც პროდუქციის საოჯახო შეფუთვების შეძენაა შესაძლებელი.