თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების უფლება ექნებათ. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია და განხილვაც დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად სსიპ-ის შექმნის უფლება მუნიციპალიტეტებს შორის მხოლოდ თბილისს აქვს. ასევე, მოქმედი კანონით სსიპ-ები იქმნება მთავრობის დადგენილების საფუძველზე და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.
“საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ თვითმმართველ ქალაქებს, გარდა თბილისისა, არ აქვთ უფლება, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთანავე, თვითმმართველი ქალაქები (გარდა თბილისისა) უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობა, მომსახურება ან/და დაჩქარებული მომსახურება, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურება, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება და სხვა.
თვითმმართველი ქალაქების მიერ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სფეროს (მათ შორის სამშენებლო, სატრანსპორტო, სარეკლამო ან/და სხვა), მართვის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, მიზანშეწონილია მათ კანონით მიენიჭოთ უფლება, მერის წარდგინებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამგვარად, კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, მერის წარდგინებით, მიენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას, მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით.
ამასთანავე, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების საფასურის ოდენობა. ცვლილებების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის მერს ექნება უფლებამოსილება, დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეულ ხარჯებს, როგორც განმარტებით ბარათში წერია, იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას, აღნიშნული დაკავშირებული იქნება საბიუჯეტო ხარჯებთან. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სერვისის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება სსიპ-ს.
თუმცა ამასთანავე, ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ თვითმმართველი ქალაქის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება გავლენას იქონიებს თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგანაც კანონის საფუძველზე მოხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, სსიპ-ებში დასაქმდებიან პირები, რომლებიც გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადებს, რაც გავლენას მოახდენს შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად, გაჩნდება დაჩქარებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც მიემართება სსიპ-ის ბიუჯეტში, ხოლო კანონით დადგენილი მოსაკრებლები - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.




























