ყოფილი Twitter-ის ოთხი აღმასრულებელი კომპანიის ამჟამინდელ CEO-ს, ილონ მასკს, სასამართლოში უჩივის. სარჩელის თანახმად, მასკმა კომპანიის თანამშრომლები მისი შეძენისთანავე დაითხოვა, შესაბამისი კომპენსაცია კი, რომელიც $128 მილიონს უტოლდება, არ გადაუხადა.
მართლაც, მასკმა Twitter-ის $44 მილიარდად შეძენის შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, ფინანსური დირექტორი ნედ სეგალი, მთავარი იურიდიული ოფიცერი ვაჯაია გადე და იურიდიული მრჩეველი შონ ეჯეტი - მათ კონტრაქტში კი გაწერილი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ Twitter-ი საჯარო კომპანია აღარ იქნებოდა, როგორც ეს მისი მილიარდერი ბიზნესმენის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ მოხდა, თითოეული მათგანი მიიღებდა ერთი წლის ანაზღაურებასა და კომპანიის აქციებს.
სარჩელი სასამართლოში როგორც ილონ მასკისა და კომპანია X-ის წინააღმდეგ, ისე SpaceX-ის წინააღმდეგაა შეტანილი, ვინაიდან აღნიშნული კომპანია Twitter-ის ადამიანური რესურსების დე ფაქტო დეპარტამენტის როლს ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგრავალს X-ისგან კომპენსაციის სახით $75.5 მილიონი უნდა მიეღო, სიგალს $46 მილიონი, ხოლო გადეს - $21 მილიონი. სარჩელში განხილულია მასკის ბიოგრაფის მონაყოლიც, რომლის თანახმადაც მილიარდერმა სამსახურიდან გათავისუფლებული აღმასრულებლებისთვის კომპენსაციის გადახდაზე უარი შეგნებულად განაცხადა.