სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა და Facebook-მა ჩინეთი ჰონკ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ამ მიზეზით Twitter-მა კოორდინირებული და აქტიური 936 ჩინური გვერდი წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგის აქციების რეპუტაციის შელახვას სხვადასხვა გზით ცდილობდა.
ამასთან, ამერიკულმა სოცქსელმა 200.000 ჩინელი მომხმარებელი დროებით დაბლოკა - ისინი დემონსტრანტების იმიჯის შესალახად ე.წ. "ტროლურ საქმიანობას" ეწეოდნენ და ცრუ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
Twitter -ის გარდა, რადიკალურ ზომებს მიმართა Facebook-მაც. მსოფლიოში პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა იგივე მიზეზით, 7 გვერდი, 3 ჯგუფი და 5 პირადი "ექაუნთი" წაშალა. აღნიშნული გვერდები, ჰონკ-კონგში პოლიტიკურ შუღლს აღვივებდნენ და დემონსტრანტების ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდნენ.
ჰონგ-კონგში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს. მანიფესტანტები თავდაპირველად ექსტრადაციის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ; მას შემდეგ, რაც მთავრობამ კანონში ცვლილების შეტანა გადადო, მათ მოთხოვნებს ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომაც დაემატა.

























