HACCP-ის სტანდარტის დანერგვას სექტემბრამდე ვერ მოვასწრებთ,- ამის შესახებ Bm.ge-ს თხილის ექსპორტიორი კომპანიების "ჯორჯიან ნაცის” და "ვესტ ნაცის" დამფუძნებელმა ედემ ტაბაღუამ განუცხადა. ტაბაღუას კომპანიები თხილის გულის ექსპორტს ევროპაში, აზიასა და ჩინეთში ახორციელებენ.
"ამ დღეებში გადაიტვირთება თხილი იტალიასა და გერმანიაში, ეგვიპტეში და ერაყში კი უკვე გადავტვირთეთ. ჩვენი საწარმო ზუგდიდში მდებარეობს და თხილს გადასამუშავებლად გლეხებისგან ვიბარებთ. ვფიქრობ HACCP-ის სტანდარტის დანერგვას სექტემბრამდე ვერ მოვასწრებთ, თუმცა ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მანამდე კი თხილის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე მოგვიწევს. ზუგდიდში სულ 3-4 გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც HACCP-ის სტანდარტს ფლობს. თხილს ალბათ მათ მივყიდით“, - განაცხადა ედემ ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რომ "თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც თხილის ექსპორტიორებს პირველი სექტემბრიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ.
მსგავსი განცხადება გუშინ bm.ge-სთან თხილის კომპანიის "ქესკიას" წარმომადგენელმაც გააკეთა.

























