საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 2017 წელთან შედარებით, თხილის პლანტაციებში უკეთესი მოსავალი იქნება.
როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ BM.GE-ს განუცხადა, ის ღონისძიებები, რაც ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად ხელისუფლებამ გაატარა, პროდუქტიულია, ამიტომ ფაროსანას აქტივობა ძალიან დაბალ დონეზეა.
"ფაროსანას აქტივობა ძლიან მცირეა, 5-7%-ის ფარგლებში. ახლა გადამწყვეტი იქნება ივლისი, რადგან ფაროსანა გამრავლების მეორე ციკლს იწყებს, ამიტომ საბოლოოდ რა ზიანს მოიტანს, არ ვიცი. ეს ივლისის ბოლოს გამოჩნდება", – აღნიშნა მოწერელიამ.
რაც შეეხება თხილის პლანტაციების დაზიანების სხვა ფაქტორებს, ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ამ მხრივ მთავარი პრობლემა კვლავ ბაღების მოუვლელობა და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გავრცელებული სოკოვანი დაავადებებია, რაც თხილის გულის სიდამპლეს იწვევს.
"დღეს პლანტაციების მოსავლის, ანუ ნედლეულის 17%-ია დაზიანებული. ვვარუდობთ, რომ თხილის მოსავალი საერთო ჯამში, დაახლოებით, 70 ათას ტონა იქნება და თუ ვიანგარიშებთ, რომ აქედან სადღაც 17%-მდე შეიძლება, დაიკარგოს, შარშანდელთან შედარებით, მაინც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. შარშან ისეთი მძიმე მდგომარეობა გვქონდა, რომ წელს სრულიად დანაკარგის გარეშე გამოსვლა, წარმოუდგენელია", – განაცხადა მოწერელიამ.
მისივე ინფორმაციით, პლანტაციებში თხილის მოსავლის აღება ორი კვირის შემდეგ დაიწყება. სეზონის შესაჯამებლად კი ფერმერები სექტემბერში თხილის ფორუმის გამართვას გეგმავენ.