მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია: ქართული თხილის ფასი ამჟამად 5 ლარამდეა, ფასის ზრდა მოსალოდნელია

5d4bfd3fe4697
ლიკა გურაბანიძე
09.08.19 09:00
11138
„შევამოწმეთ ბაღებში არსებული თხილის ხარისხი  და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს თხილის ძალიან მაღალი ხარისხია,“ - ამის შესახებ BM.GE-ს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა.

მერაბ ჭითანავას თქმით, სწორედ ხარისხიანი თხილის მოსავლის და მსოფლიო ბაზრის დინამიკის გამო ამჟამად გაუტეხავი თხილის ფასი 4.50 ლარიდან 5 ლარამდეა, თუმცა ეს საბოლოო ფასი არ არის და მისი ზრდა მოსალოდნელია. ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებითვე, გასულ წელს ფაროსანას მიერ დაზიანებული 1 კგ თხილის ფასი საშუალოდ 2 ლარიდან 2.50 ლარამდე მერყეობდა.

„ჩვენი პროგნოზით, წელს მოსავალი დაახლოებით 45 000 ტონა გაუტეხავი თხილი იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დაახლოებით გაოთხმაგებული მოსავალი შარშანდელთან შედარებით.

შარშანდელი მოსავალი დაახლოებით 7 000 ტონა თხილის გულის ექვივალენტი იყო, აქედან დაახლოებით 70% ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილი იყო.

წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 15 ათასი ტონა თხილის გულის ექვივალენტია და ძალიან კარგი ხარისხის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომში თხილის ფასზე აისახება“ - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

მერაბ ჭითანავა მიიჩნევს, რომ თხილის ხარისხიანი მოსავალი ფასის გარდა პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტზეც დადებითად იასახება.

„ჩვენ ევროპის ბაზრისთვის ნორმალური ხარისხის თხილის მიწოდებას დავიწყებთ, რაც ფაქტობრივად 2015 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.  

ფაროსანას წინააღმდეგ ასოციაციის მიერ დაგეგმილი თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ჩატარებული წამლობების შედეგად ფაროსანას ეფექტი თხილის ბაღებზე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ფაროსანა ბაღებში ახლაც არის და მის დამაზიანებელ საქმიანობას აგრძელებს, თუმცა ფერმერებმა თხილი ფაროსანასგან დაიცვეს და გადაარჩინეს, შესაბამისად ხარისხიც ძალიან კარგი მიიღეს. პროექტი სამეგრელოში გურიაში და იმერეთში განხორციელდა, “ - განაცხადა ჭითანავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები