საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყიბულის მაღაროს სისტემური შემოწმებისთვის მთავრობა ექსპერტულ ორგანიზაციას იქირავებს.
ამის შესახებ სერგეენკომ BM.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მიმდინარე აქტივობები, რომელიც ბოლოსკენ გადის და რომელსაც ჩვენი სამინისტრო კურირებს, არის ის, რომ ექსპერტული ორგანიზაცია ვიქირაოთ, რომელიც მთლიანად სისტემურად შეამოწმებს უსაფრთხოების საკითხებს მაღაროში და გაწერენ გეგმას რა სჭირდება ფინანსურად, დროითი, ადამიანური რესურსებით, რომ იქ მუშაობა იყოს უსაფრთხო. ეს არის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა სერგენკომ.
მინისტრს კომპანიის ვინაობა არ დაუსახელებია.
„რამდენიმე დღეში დავასრულებთ კომპანიის შერჩევას და სერვისის შესყიდვას“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დაილუქა.
შახტების დახურვაზე გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც 16 ივლისს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა.