მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანგარიში წარადგინეს

5dbc541985e0c
BM.GE
01.11.19 19:46
1025
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებმა ის რეკომენდაციები მოისმინეს, რაც მინდელის შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს. ანგარიში დამოუკიდებელი, გერმანული კომპანია DMT-ის მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით არის მომზადებული. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდა.

„განვიხილეთ ტყიბულის შახტის ამოქმედების საკითხი, მოგეხსენებათ, ობიექტი უბედური შემთხვევის შემდეგ იყო გაჩერებული. აქედან გამომდინარე, ძალიან მკაცრი მონიტორინგი დაწესდა შრომის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის მეშვეობით, დაიწერა ძალიან კომპლექსური დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინვესტორი სრულიად იზიარებს ამ ანგარიშს და მზად არის, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა მოამზადოს, რისთვისაც ჩვენი რეკომენდაციით იგივე გერმანელი სპეციალისტები ყავთ ჩართული. მათი მეშვეობით ჩვენც მოვახერხებთ და გავუწევთ მონიტორინგს კონკრეტული გეგმის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, ტყიბულის შახტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციებია - „დასკვნა გერმანულმა კომპანიამ ქართული ექსპერტების ჩართულობით დადო. ყველაზე მნიშვნელოვანია სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც ეხება უსაფრთხოების და რისკების შეფასების სისტემის დანერგვას. ამაში შედის ტექნიკური საკითხები, ისეთი როგორიც არის ლიფტების მოწყობა და ასევე პერსონალის გადამზადება, ინფორმირება და აღჭურვა.“
შეხვედრას სამმხრივი კომისიის წევრების გარდა DMT-ის წარმომადგენლები და საქნახშირის ახალი მფლობელებიც ესწრებოდნენ.

„ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ტერიტორიაზე და ჩავატარეთ მოკვლევა, მე პირადად გავეცანი იქ არსებულ მდგომარეობას და ამის შემდეგ დავწერეთ აღნიშნული ანგარიში. მალე ახალ ანგარიშსაც მოვამზადებთ, რომელის დროსაც ფოკუსირება წარმოების ახალ ადგილებზე მოხდება, ყურადღებას გავამახვილებთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საკითხებზე და განვახორციელებთ მონიტორინგს, მოხდა თუ არა ამ საკითხების გადაჭრა. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ შახტაში უსაფრთხოების ნორმების იმპლემენტაცია მოხდება“, - განაცხადა კომპანია DMT-ის წარმომადგენელმა სტეფან პეტერსმა.

„სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი“-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რომელიც მინდელის შახტაში მიმდინარე უსაფრთხოების სამუშაოების იმპლემენტაციას პერმანენტულად დააკვირდება და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

„ჩვენმა კომპანიამ გარკვეულწილად უკვე დიდი ნაბიჯები გადადგა ხარვეზების გამოსასწორებლად. გერმანული კომპანია იმისთვის ჩამოვიყვანეთ, რომ პროგრესის შესახებ ახალი დასკვნა მოამზადონ. ამასთანავე ქცევის წესების შედგენის კუთხით და აფეთქების მიმართულებით თურქი სპეციალისტებიც იქნა ჩამოყვანილი, რომლებიც კვირის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას. გერმანელი სპეციალისტები წლის ბოლომდე მოამზადებენ ახალ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება გამოსასწორებელი საკითხები და გაგრძელდება მონიტორინგი სპეციალისტების მიერ. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლებსაც დავატრენინგებთ. შემდგომ ეტაპი კი ახალი ტექნოლოგიით ნახშირის მოპოვება იქნება, რომლის იმპლემენტაცია 2 წლის განმავლობაში იგეგმება“, - განაცხადა „სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი“-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩოჩიამ.

სამმხრივი კომისიის შეხვედრას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლები და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები