ტყიბულში "საქნახშირიდან" ჯამში 40 ადამიანი გაათავისუფლეს - ამის შესახებ BMG-ის მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ სურამელაშვილმა უთხრა. მისი ინფორმაციით, მეშახტეებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებულია ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებიც.
"ამ 40-ში ადმინისტრაციული კადრიც არის და არიან რიგითი დასაქმებულებიც. [გათავისუფლებულებს შორის] არიან ისინიც, რომლებიც პროფესიულ სწავლებას არ დასწრებიან, გამოცდაზე არ გასულან, ან გასულები არიან და მინიმალური ქულები აქვთ აღებული. თუმცა, ჩვენი ჩართულობით ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ გამოცდას თუ ჩააბარებენ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს", - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი.
სურამელაშვილის თქმით, მისი პირადი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს სამსახურიდან. როგორც ამბობს, გარკვეული კომპეტენციის დადასტურების შემდეგ, დამსაქმებლისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები სამსახურში აღდგებიან.
"კომპანიაშია რეორგანიზაციაა. სამსახურიდან გაშვებული 40 დასაქმებულიდან 10 ადმინისტრაციაში მუშაობდა, დანარჩენები არიან რიგითი თანამშრომლები. ამ რიგით თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული სწავლება 3-4 თვის განმავლობაში თავიდან გაიარონ. ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა, ამ პერიოდში მათ შენარჩუნებული ექნებათ სამედიცინო დაზღვევა, ხოლო ის კომპენსაცია, რასაც მისცემენ ხელფასად ჩაეთვლებათ და გამოცდის ჩაბარების შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას", - ამბობს სურამელაშვილი.
BMG ცდილობს კომპანიასთან დაკავშირებას და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.



























