ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ტყიბულში სახელმწიფო პროგრამით განხორციელდება. 50 000 ინვესტიციიდან სახელმწიფო თანადაფინანსება 35 000 ლარს შეადგენს, კერძო ბიზნესი კი 15 000 ლარს დახარჯავს.
როგორც bm.ge–ს პროგრამა “ქართული ჩაის” მენეჯერმა ლევან უროტაძემ განუცხადა, პროგრამის მიხედვით მეწარმე ვალდებულია 3 წლის პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო მოაწყოს, რაზეც მინიმუმ 40 000 დოლარი დაიხარჯება. კომპანია საშუალოდ წელიწადში 20 ტონამდე მზა პროდუქციის მიღებას და მის რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ასევე ევროპის ბაზარზე გეგმავს. “ ჩაის საშუალო ღირებულება 30–40 ლარია,უმაღლესი ხარისხის ფასი 100 ლარსაც კი სცდება”, - აღნიშნა უროტაძემ.
შპს “ტყიბულის მთის ჩაის” 19 ჰექტარი ჩაის პლანტაცია იჯარით 25 წლის ვადით გადაეცა. სიმბოლურ ფასად ჰექტარი 50 ლარად. “ეს არის ძალიან დაბალი ფასი, რადგან სასოფლო მიწის საბაზღო ღირებულება 400–700 ლარია, რადგან კომპანია სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს, ის სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს”–განაცხადა პროგრამის მენეჯერმა.
ლევან უროტაძის განმარტებით, ჩაის ბუჩქს 100–120 წლიანი სიცოცხლისუარიანობა აქვს. საქართველოში ჩაის პლანტაციები 60–იან წლებში გაშენდა, შესაბამისად ჯერ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდია. წინასწარი გათვლებით საქართველოში 7 000–8 000 ჰექტარი ჩაის პლანტაციებია, აქედან 3 000 მდე ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება . “ჩაის სახელმწიფო პროგრამის” ამოქმედებიდან 1000–ზე მეტი ჰექტარი რეაბილიტაციის რეჟიმზეა გადასული.

























