მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყიბულში ჩინური ინვესტიციით სამკერვალო გაიხსნება, სადაც 200 ადამიანი დასაქმდება

5c2104371935b
მაია ბიწაძე
24.12.18 19:49
1248
ქურთუკების სამკერვალო საწარმოს მშენებლობა ტყიბულში მომავალი წლიდან დაიწყება და 2020 წელს პირველ პროდუქციას გამოუშვებს.

როგორც Bm.ge-ის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა, საწარმოში საწყის ეტაპზე საწარმოში 200 ქალი დასაქმდება, თუმცა შემდგომ მათი რიცხვი 400-მდე გაიზრდება.

საგანელიძის განმარტებით, ტყიბულში საწარმოს ჩინური კომპანია ააშენებს და მოაწყობს, რომელიც ცნობილი ჩინური ბრენდის (Yaya) მწარმოებელია.

საპარტნიორო ფონდი კი, სამკერვალომდე მისასვლელი გზისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის, ასევე კომუნიკაციების მოწყობას უზრუნველყოფს.

პროექტის საწყისი ღირებულება 5 მილიონი დოლარია, რაც ძირითადად საწარმოს აღჭურვას მოხმარდება.

„მათ ძალიან დიდი შეკვეთები აქვთ ევროპიდან, ჩვენ დავანახეთ ჩინელ პარტნიორებს, რომ პროდუქციის საქართველოში წარმოება და ევროპაში გატანა ძალიან ხელსაყრელი იქნება. ამას რამდენიმე ფაქტორი უზრუნველყოფს; კერძოდ, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, საქართველოს ადგილმდებარეობა, საგადასახადო რეჟიმი საქართველოში, ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის კარგი საშუალებები, კვალიფიციური მუშახელი და სხვა. ჩვენ ორი წელი დაგვჭირდა, რომ ისინი საბოლოოდ დაგვერწმუნებინა.
მათი ტექნიკური ექსპერტები ტყიბულში ორ ტერიტორიას განიხილავენ, უახლოეს ხანში დადებენ ისინი პროექტს და დაიწყება მშენებლობა. როგორც თავად ამბობენ, სამშენებლო სამუშაოებს ერთი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც სამკერვალოს მოწყობა და აღჭურვა მოხდება. ვფიქრობ, 2020 წლის განმავლობაში დაიწყება პროდუქციის წარმოება“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ქართველ მუშახელს ჩინეთში, ტექსტილის საწარმოებში გადაამზადებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები