მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულში მაღაროელების შემცირება არ იგეგმება - მმართველი კომპანია

5e53aa5731aba
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.20 22:43
1093
ტყიბულში მაღაროელების შემცირება არ იგეგმება, - ამის შესახებ BM.GE-ის ტყიბულის მაღაროების მმართველი კომპანია „ქოლ ოფ ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სოცკიმ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ დილიდან ძიძიგურის მაღაროს მეშახტეები გაიფიცნენ. მათი ინფორმაციით, კომპანია კადრების შემცირებას აპირებს. 

როგორც მან აღნიშნა, ძიძიგურის მაღაროში ამომყვანი მექანიზმის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმიურად ტარდება და ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში იყო გაწერილი.

„დღეს დილიდან ძალაში შევიდა ძიძიგურის შახტში სამუშაობის დროებითი შეჩერების შესახებ ბრძანება, რომელიც აღნიშნულ მაღაროზე ამომყვანი მექანიზმის სარემონტო სამუშაობს უკავშირდება. ამ პერიოდის განმავლობაში ძიძიგურის მაღაროს ყველა მუშა აგრძელებს მუშაობას იმ ადგილებზე, სადაც ისინი გადანაწილებულნი იყვნენ, ყველანაირი შემცირებისა და სამუშაო ანაზღაურების შემცირების გარეშე.

ერთადერთი რაც მათთვის შეიცვალა, ის არის, რომ ისინი მაღაროში არა ძიძიგურის შახტის ამომყვანი მექანიზმით, არამედ მინდელის სახელობის მაღაროს ლიფტით ჩავლენ. ის დისკომფორტი, რაც მათ შეექმნებათ მინდელის ლიფტამდე მისასვლელად, კომპანია თავის თავზე იღებს ავტობუსებით მომსახურების გაწევით.

სხვა დანარჩენი კითხვები ისევ ისე რჩება, როგორც აქამდე იყო.

ყველა სამუშაოები, რომელიც ამომყვანი მექანიზმის შეკეთებას უკავშირდება გეგმიურია, და გაწერილი იყო გასული წლის ნოემბერში”, - განუცხადა BM.GE-ის მიხეილ სოცკიმ.

როგორც მმართველი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, მექანიზმის დაშლისა და შეკეთებისთვის 2-3 თვე დასჭირდება.

ამ დროისთვის შახტებში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს პროტესტის გამო ერთი დღით შეჩერდა სამუშაოები, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგადად მაღაროებში მოპოვებითი სამუშაობი არ შეჩერდება. 2-3 თვის განმავლობაში არ იმოქმედებს მხოლოდ ძიძიგურის მაღაროში ჩამყვანი მექანიზმი, ზუსტად ვერ გეუბნებით დროს იმიტომ, რომ 2 კვირის შემდეგ, როდესაც გვექნება ტექნიკური კომისიის დასკვნა ამწევი მექანიზმის გამართულობის შესახებ, მაშინ გაიცემა კონკრეტული განკარგულება რეაბილიტაციის დროსთან დაკავშირებით”, - განმარტა მიხეილ სოცკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები