ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან და მიმდინარეობს როგორც მეწყრის გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საფრთხეების სიღრმისეული შესწავლა. ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებაა ჩართული. ზაუტაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მუშაობენ როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე საგზაო დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით მეწყრის ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულში.
რაც შეეხება გრძელვადიან სამუშაო პროცესს, ამჟამად სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა. შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავსახოთ სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.




























