მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტყუილია სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე 125 000-მა პირ­მა იმ­კურ­ნალა"

5c80cf6f8bd80
BM.GE
07.03.19 12:00
1081
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ტყულია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000 პირმა იმკურნალა.

"ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს"-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ის შეშფოთებას გამოთქვამს  ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გუშინდელი გან­ცხა­დე­ბაზე, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის 2020 წელს შე­წყვე­ტის რის­კი არ­სე­ბობს.


"პრობლემა ისაა, რომ 2020 წლისთვის C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცია ვერანაირად ვერ მოხდება, როგორც ეს პროგრამის მიზნებშია გაწერილი. ამიტომ არსებული პრობლემების ფონზე მიუღებელია დავით სერგეენკოს ტყული, თითქოს “125 000 ადა­მი­ანს უკვე ვუმ­კურ­ნა­ლეთ, ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 50 000-მდე გვყავს, ვი­საც მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა”-ამბობს ჭიაბერაშვილი.


ევროპული-საქართველოს წევრი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას მიერ მისთვის 2018 წლის 13 დეკემბერს მიწერილ წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ იქ სრულიად განსხვავებულ, გაცილებით ნაკლებ მონაცემზეა საუბარი.  კერძოდ, ამ წერილის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 4 წლისთავზე მკურნალობაში ჩაერთო 51 000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა კი დაასრულა 48 000-ზე მეტმა პირმა.

"უფრო დეტალურად:  2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი.

როგორც ლაგვილავას წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან 2018 წლის დეკემბრამდე სკრინინგის კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა.
სწორედ ამ რიცხვით მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა სინამდვილეში ამ 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. კონფირმაციული კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს.

ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა.  52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა.

საგანგაშოა, რომ 15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი დამკურნალობის პროცესში არაა ჩართული.

ჩემი კითხვაა: თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, როგორ მოხერხება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა?

სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე შეუძლებელი ჩანს. მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს.

დავით სერგეენკომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამერიკული კომპანია"გილეადი" და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დათანხმდეს პროგრამის საბოლოო თარიღის 2022-23 წლებამდე გადაწევაში.

ეს სჭირდება არა მხოლოდ C ჰეპატიტით დაავადებულებს, არამედ სასიცოხლოა იმისათვის, რომ საქართველომ სხვა პროგრამებშიც მიიღოს საერთშორისო დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის სამიზნედ საქართველო იმის წყალობით შეირჩა, რომ მანამდე წარმატებით გაართვა თავი “მალარიის, ტუბერკულიოზისა და შიდსის საწინააღმდეგო გლობალური ფონდის” დაფინანსებით არსებულ პროგრამას.

ამასთან, მსურს, საზოგადოებას მოვუწოდო, აუცილებლად ჩაიტაროს ტესტი და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაც.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამერიკული კომპანია"გილეადის" მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი პრეპარატი"ჰავრონი" თანამედროვეობის ერთ-ერთი მიღწევაა და სიმართლეს არშეესაბამება ამ მედიკამენტის გაუთვითცნობიერებლი ადამიანების მიერ შეგნებულად თუ შეუგნებლად წარმოებული ანტი-კამპანია.

ჯანდაცვის სამინისტროს მართებს, პროგრამის მენეჯმენტის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოსწორება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ ექიმებსა და ექსპერტებში, რომლებიც კარგად იცნობენ პროგრამის დეტალებს, მზარდი შეშფოთებაა პროგრამის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. მინისტრის ინფორმაციით, ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი, თუმცა მედიკამენტების მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაა დადებული.

მინისტრის განცხადებითვე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა და მკურნალობა დაახლოებით 50 000-მდე პირს ესაჭიროება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები