უახლოეს პერიოდში, პურის ფასის ცვლილება ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის - ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე განმარტავს, უახლოეს პერიოდში პურის ფასში შემავალი კომპონენტების ფასის ცვლილება მოსალოდნელი არაა, შესაბამისად, პურის ფასი ამ ეტაპზე სტაბილურია.
რაც შეეხება ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირების საკითხს, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როგორ აისახება ეს ფასზე, რადგან „დასათვლელია“.
„მართალია, მძლავრი წისქვილები ელექტროენერგიაზე მუშაობენ, თუმცა, საცხობები ძირითადად, გაზს მოიხმარენ. ამიტომ, ჯერ არ ვიცით, როგორ აისახება ეს საბოლოო ფასზე“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.
პურის ფასის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის - ხორბლის მარაგებიც საქართველოში საკმარისი მოცულობითაა. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ორი თვის გარდამავალი მარაგია. წელს, 20 დეკემბრამდე ქვეყანაში გაცილებით დიდი მოცულობის ხორბალი შემოვიდა, რადგან ადგილობრივმა ფერმერებმა არახელსაყრელი ფასის გამო, მოსავალი არ გაყიდეს და საცავებში შეინახეს.
მოსალოდნელია, რომ ფერმერები შენახულ მოსავალს გაზაფხულზე - მარტსა და აპრილში, ახალი მოსავლის აღების წინ გამოიტანენ.
ხორბლის ძირითადი მომწოდებელი კვლავ რუსეთია, თუმცა, წელს გაზრდილი იყო ყაზახური მოცულობებიც - ყაზახეთის მთავრობამ ჭარბი მოსავლის რეალიზაციისთვის სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება მოახდინა, რამაც მათი პროდუქცია საქართველოში კონკურენტუნარიანი გახადა.
“დაახლოებით, ერთი თვეა ფასი სტაბილურად დგას. ფქვილის ფასი დაახლოებით 58-60 ლარის ფარგლებში მერყეობს. ვიცით რომ სემეკმა ელექტროენერგიის გაძვირების ტენდენცია გადადო სამი თვით, ასევე გაზზეც. წისქვილკომბინატები უფრო ელექტროენერგიაზე მუშაობენ, პურის წარმოება კი, გაზზეც არის და ელექტროენერგიაზეც. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, არის ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ის კომპონენტები, რომლებიც თვითღირებულებაში შედის მნიშვნელოვანია, რომ ღია იყოს, ამიტომ მომხრე ვართ, რომ მაგალითისათვის პურის ფასის ინდექსი იქნას შემოღებული, რათა თვიდან თვემდე შევხედოთ, რომელი კომპონენტის ცვლილებამ გამოიწვია პურის ფასის აწევა ან დაწევა”, - აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.




























