მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უახლოეს პერიოდში საზოგადოებას შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტს შევთავაზებთ" - სოლომონ პავლიაშვილი

სოლომონ პავლიაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პლასტიკის ბოთლებში სასმელის გაყიდვის აკრძალვის შემდეგ, მთავრობა საზოგადოებას შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტს შესთავაზებს. ამის შესახებ სოლომონ პავლიაშვილმა „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა ბიზნესმა უნდა აიღოს და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგლამენტი ბიზნესს ორ სისტემას შესთავაზებს.

„მეორე საკითხი ნარჩენების მართვაა. ეს არის პროდუქტის შეფუთვის ნარჩენები. ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ შემოსაღებია დეპოზიტების სისტემა, რომელიც შემდგომ ეტაპზე იმ ნარჩენების მართვას განახორციელებს, რომელიც გარემოში იქმნება - მინის, ქილის თუ ლითონის. მეორე მხარე იქნება არამხოლოდ სადეპოზიტო სისტემა, არამედ [ნარჩენის] წყაროსთან სეპარირება. შეფუთვა ძალიან მრავალმხრივია. ჩვენ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 3-თვიან ვადაში, საზოგადოებას შეფუთვის რეგლამენტს შევთავაზებთ", - განაცხადა პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, შეფუთვის ნარჩენზე პასუხისმგებლობა მან უნდა აიღოს, ვინც დააბინძურა, ანუ დამბინძურებელი იხდის პრინციპით. ეს არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

"ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი. მწარმოებლები იღებენ ვალდებულებას, რომ თავისი ნარჩენები თავადვე მართონ, აქ ჩაერთვებიან ის ორგანიზაციები, საწარმოები, რომლებიც ამ პროდუქტის წარმოებით არიან დაკავებულები, იგივე ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების და ა.შ. და ვინც ამ ნარჩენებს წარმოქმნიან ისინი იქნებიან აქ ჩართულები, თვითონ მართავენ, მაგრამ პლატფორმას სახელმწიფო შეუქმნის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები