მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2017 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის

5874ec51728bc
თელარა გელანტია
10.01.17 18:15
1616
უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2017 წელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს.  ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება შემოსავლების სამსახურსა და SICPA Security Solutions SA-ს შორის უკვე გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება კონფიდენციალურია.

"2016 წლის 9 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის N311 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საფასურის ანაზღაურებას 2018 წლის 1 იანვრამდე განახორციელებს შემოსავლების სამსახური", - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, 2016 წელს მთავრობა პრემიერ-მინისტრის დავალებით უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე დაკვირვებას ახორციელებდა, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, თუ ვინ გადაიხდიდა მარკირების საფასურს.

აქედან გამომდინარე, "ბიზნესკონტრაქტი" დაინტერესდა, რა გამოავლინა, ბაზრის კვლევამ და დაფიქსირდა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტები, რაზეც შემოსავლების სამსახურში შემდეგი პასუხი გაგვცეს:

"2016 წლის განმავლობაში მარკირებას დაქვემდებარებულ არაალკოჰოლურ საქონელზე 1 068 დათვალიერების პროცედურა ჩატარდა რა დროსაც შედგა 35 სამართალდარღვევის ოქმი (სსკ-ის 288 მუხლის, 3 ნაწილი)", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მისივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების/იმპორტიორებისაგან მათ მიერ რეალიზებული საქონლის შესახებ ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი.

"შედეგად, სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი: 2016 წლის პირველ 6 თვეში რეალიზაცია 24,482,631.6 ლარით მეტია, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ჩვენ მიერ ასევე მოხდა ელქტრონულ სასაქონლო ზედნადებებზე დაყრდნობით მონაცემების შედარება - ანალიზისათვის აღებულია 2016 წლის მონაცემები, რომლის შედარებაც მოხდა 2015 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებთან. არსებული მონაცემებით დგინდება საქონლის ღირებულების მიხედვით 14,7%-იანი ზრდა, ხოლო საქონლის რაოდენობის მიხედვით 23,5%-იანი ზრდა", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები