მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უამრავ ფულს ვყრით წყალში"

5a0aa1daf2a55
bm.ge
14.11.17 11:53
1652
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. ცვლილებების ახალი ტალღის შესახებ გადაცემაში ’’საქმის კურსი“ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს.

-ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებს?

-ნაბიჯი გადადგმული ნებისმიერ შემთხვევაში სწორი მიმართულებით არის. კახა ბენდუქიძის შემდეგ ამ ქვეყენაში სამინისტროების შემცირებისკენ ასეთი გაბედული ნაბიჯის გადადგმა არავის გაუბედავს. სწორი მიმართულებით არის იმ გაგებით, რომ რაც უფრო ნაკლებია ბიუროკრატიული წერტილები, მით უფრო ნაკლებია მომავალში შანსი, რომ ბიუჯეტიდან მოითხოვონ დაფინანსება. თუ აქამდე 18 სამინისტრო ითხოვდა ყოველი წლის ბოლოს მომავალი წლისთვის ბიუჯეტის გაზრდას, რაც საბოლოო ჯამში ბიუროკრატიის გაზრდას ნიშნავს, ახლა 14 სამინისტრო მოითხოვს, რაც თავისთავად კარგია და შესაბამისად ბიუროკრატიის გაფართოების შანსიც ნაკლებია. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან ის არის თუ საბოლოო ჯამში როგორ აისახება ეს მთავრობის ზომაზე.

-აღნიშნული ცვლილების ეფექტურობაზე წინასწარ შეგვიძლია რამის თქმა?

- "წინასწარი ეფექტი", "ოპტიმიზაცია" - ეს ის სიტყვებია, რომლითაც მოსახლეობას უბრალოდ ფარდას აფარებენ თვალებზე, თითქოს მართლა რაღაც ასეთ ხდება. არანაირი ეფექტურობა არ გაიზარდება. ყველაზე მნიშნელოვანია მოცულობაზე რამდენად აისახება, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ. ამ მხრივ პრემიერის განცხადებიდან ჯერჯერობით ვერაფერი მოვისმინეთ, ანუ რეალურად მართლა აპირებენ თუ არა შემცირებას.

-როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარი კომუნიკაცია რატომ არ მოხდა, პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი სიტუაცია ახლა ქონდა მთავრობას, რომ ეს ცვლილებები დაეანონსებინა?

- რატომ გადაწყვიტეს ახლა ჩემთვისაც ამოუცნობია. ერთადერთი რასაც შეგვიძლია დავუკავშიროთ არის ის, რომ საარჩევნო პერიოდმა ჩაიარა, გუშინ არჩევნების მეორე ტურიც დასრულდა. შესაძლოა ამასთან იყოს დაკავშირებული და გადაწყვეტილება მანამდე იყოს მიღებული. თუმცა, რატომ გადაწყვიტეს ახლა და არა 1-2 ან 3 წლის წინ, ჩემთვის გაუგებარია. მითუმეტეს მე ამ მიმართულებით ცვლილებას წლების განმავლობაში ვითხოვდი. ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნის წინაშე არანაირი გამოწვევა არ არსებობს, რომელიც შარშან, ან შარშანწინ არ არსებობდა. თუ ზოგადად სჯერათ, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის და ხარჯების შემცირება არის მასტიმულირებელი ეკონომიკური ზრდის, რაც ნამდვილად ასეა, მაშინ ეს მანამდე უნდა გაეკეთებინათ, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები მანამდეც არსებობდა. მთავარი საბოლოო ჯამში მთავრობის ხარჯების და ბიუროკრატიის შემცირებაა. ამას ჩვენ ყველა სავარაუდოდ 2018 წლის ბიუჯეტის ახალ პროექტში ვანახავთ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს სავარაუდოდ დაგვიანებით, მაგრამ მაინც დამტკიცდება. საშუალება მოგვეცემა შევადაროთ არსებული 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში რა ხარჯებია გაწერილი მათ შორის, იმ სამინისტროებზე, რომლებიც ახლა ერთიანდებიან და ვნახავთ მექანიკური დაჯამება მოხდება ბიუჯეტებისა და თანამშრომლების რაოდენობის თუ რეალურად ხარჯებსა და ბიუროკრატიას შეამცირებენ. თუ შემცირება მოხდება, ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

- როგორ ფიქრობთ, მაგალითად ფინანსთა მინისტრის შერჩევა როგორ მოხდა და რამდენად ადეკვატურია მთავრობა, როდესაც არჩევს კადრებს, რომელიც პარლამენტმა უნდას დაამტკიცოს?

- არ ვიცი მამუკა ბახტაძემ რით გამოიჩინა თავი. რკინიგზასთან მიმართებით რა ინფორმაციაც საჯაროდ არსებობს არის ის, რომ ტვირთბრუნვა საგრძნობლად შემცირებულია და მათ შორის, მოგებების სერიოზული შემცირება ფიქსირდება. ამიტომ რაში გამოიხატება მისი წარმატება და რა მენეჯერულ უნარ-ჩვევებზეა საუბარი მე არ ვიცი. გახარიასთან მიმართებაში რაც მსმენია ის არის, რომ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მას სწორი ხედვა აქვს და ეს სხვადასხვა ბიზნესმენებისგან მსმენია, ვისაც მასთან შეხება აქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებთან მას შეხება საერთოდ არ ქონია და ეს შეიძლება პლიუსიც იყოს და მინუსიც. უარყოფითი იმ გაგებით, რომ შესაძლოა საერთოდ წარმოდგენა არ ქონდეს რა სისტემაში მოუწევს მუშაობა, ხოლო დადებითი შესაძლოა იმ გაგებით იყოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად ძალოვნები საქართველოში ერთი დიდი მოსნტრია მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან და მისი ხელმძღვანელი იქნება ის ადამიანი, რომელსაც მასთან შეხება საერთოდ არ ქონია და ამან შეიძლება გააადამიანუროს ეს სისტემა. მათ შორის, ნარკოპოლიტიკის საკითხებში შეიძლება ადამიანური ელემენტები შეიტანოს. ამაზე საუბარი ცოტა რთულია.

ქუმსიშვილის უწყება მნიშვნელოვნად ფართოვდება, რაც შიძლება სწორი იყოს, რადგან ეკონომიკის სამინისტროს მანამდე ჩემი აზრით, ფუნქცია საერთოდ არ ჰქონია. ახლა შესაძლოა პატარ-პატარა ფუნქციები მაინც გაუჩნდეს, თუმცა რაღაცეები მაინც რჩება გარეთ. ენერგეტიკის, ტრანსპორტის ან ტურიზმის სამინისტრო თუ არ გვჭირდება ცალკე და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვჭირდება ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რომელიც ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან შეიძლებოდა გაერთიანებულიყო და არა გარემოს დაცვის სამინისტროს ქვეშ.

რესურსი საქართველოს ბიუჯეტში უამრავია. მათ შორის, ჩვენ ’’გირჩს“ გვქონდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში 3 მილიარდით ვკვეცდით ბიუჯეტს. ძალიან ბევრი ფულია, რომელიც უბრალოდ იფლანგება. ერთი არის ადმინისტრაციულ ნაწილში ხარჯების შემცირება - ხელფასები, პრემიები თუ დანამატები, კომუნიკაცია, ოფისი და ა.შ. გარდა ამისა, ათასი უაზრო პროგრამაა, რომელშიც ბევრ ფულს ვფლანგავთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ მთლიანად გადავხაზოთ, დაახლოებით 230 მილიონს დავზოგავთ, რადგან ის ფული წყალში გადაყრილი ფულია. ასეთი უამრავია. სინამდვილეში რესურსის პრობლემა საერთოდ არ დგას. უამრავ ფულს ვყრით წყალში მაშინ, როდესაც დაზოგვა უამრავის შეიძლება. საჯარო მოხელეები, რომლებსაც ახლა გაუშვებენ და დიდი რაოდენობით უნდა გაუშვან მათ შიძლება ერთ წლით შეუნარჩუნონ ხელფასი იმის ხარჯზე, რომ უამრავ სულელურ პროგრამას გავაუქმებთ. ამით ეს ადამიანები დაზღვეულები იქნებიან და რაღაც პერიოდის განმავლობაში სამსახურებს მოძებნიან. ქვეყნის გადასახადის გადამხდელებს კი ძალიან დიდი ტვირთი მოეხსნებათ ზურგიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები