მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არაერთი ჰესი ელოდება სამშენებლო სტადიაზე გადასვლას. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაჩქარდება.
"84 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და კიდევ უამრავი სადგური ელოდება სამშენებლო სტადიაზე გადასვლას. ვნახოთ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში დაგვპირდნენ, რომ ეს ნაბიჯები ჩქარა გადაიდგმება და ველოდებით. ბევრი მცირე და საშუალო სადგურია, რომელიც ელოდება მემორანდუმის გაფორმებას და მშენებლობის დაწყებას. მათ შორის ორი პროექტი ჩვენც გვაქვს და ველოდებით სახელმწიფოსგან "მწვანე შუქის" ანთებას", - ამბობს მარგებაძე.
მან საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის განმაპირობებელი თურქეთში ფასის კლებაა.
"გასულ წლებში თურქეთში ფასი 16-17 ცენტზე იყო ასული და ჰიდროს გარდა, თბოსადგურებს ვამუშავებდით, რომ ქვეყანას სარგებელი მიეღო. ეს იყო ასე ვთქვათ მათემატიკური თვალსაზრისით ძალიან მოგებიანი ქვეყნისთვის და ეს წლები ასე ვიმუშავეთ. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში ფასი უკვე ჩამოსულია 9.5 ცენტზე, თბოსადგურის "დაქოქვას" აზრი აღარ აქვს, ამიტომ ვართ ამ ნიშნულზე", - ამბობს მარგებაძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის გამოქვეყნებული სტატისტიკით, იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ექსპორტზე 505 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად 52%-ით შემცირებული მაჩვენებელია. დენის ექსპორტში 2024 წელსაც კლება იყო. მანამდე კი, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან დენის ექსპორტი იზრდებოდა და რეკორდულ ნიშნულს 1.468 მლნ კვტ.სთ 2023 წელს მიაღწია.




























