მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზია, იმის რომ "ხუდონ ჰესის" პროექტი რეალურად გაჩერებულია"

58f739532a35b
BM.GE
19.04.17 14:15
2567
"ხუდონ ჰესის ინვესტორ კომპანიასთან შეთავაზება გვაქვს, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მინისტრს არ დაუკონკრეტება თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ინვესტორ კომპანიასთან შეთავაზება, თუმცა აღნიშნა რომ პროექტი საქართველოში აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

მთავრობის შეთავაზებას არ იცნობს არც ინევსტორი კომპანიის "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა. მირცხულავა "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ მოლაპარაკება მთავრობასა და "ტრანსელექტრიკას“ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.

"ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის დეტალები უცნობია. ეს შეთავაზება იგზავნება ლონდონში და დელიში. "ტრანს ელექტრიკაა" ამ პროექტის მფლობელი და მოლაპარაკება მასთან მიმდინარეობს. დეტალებს ვერ გეტყვით“, - ამბობს მირცხულავა და განმარტავს, რომ "ობიექტური და სუბიექტური" მიზეზების გამო, პროექტის დაწყება ვერ ხდება.

"სახელმწიფოს ნება ერთ-ერთი განმსაზღვრელია, ნებისმიერ ქვეყანაში. ამხელა მასშტაბის პროექტი, მაგალითად დასავლეთ ევროპაში, შვეიცარიაში ან ავსტრიაში, რომ ხორციელდებოდეს, იქაც მნიშვნელოვანი იქნებოდა სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა.

უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზია, იმის რომ პროექტი რეალურად გაჩერებულია.

არცერთ ჰესზე და არცერთ ჰიდროელექტრო პროექტზე საქართველოში ამდენი შრომა და კვლევები არაა ჩატარებულა. მასშტაბების შედარებაც ძალიან არასწორი იქნებოდა, რადგან მრავალჯერ მეტი სამუშო გაკეთდა ამ სადგურზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა სადგურზე საქართველოში.

ფაქტია, რომ პროექტი ვერ მიმდინარეობდა ისე როგორც უნდა მიმდინარეობდეს“, - ამბობს მირცხულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები