ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციითვე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილით თბილისში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადაზიდეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 957 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ასევე ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც უაქციზო საქონელი გადაზიდეს. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 8 610 ლარს შეადგენს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.




























