საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტის პროექტის შესაძლო ჩავარდნას გამორიცხავს და ამის გარანტად კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მოჰყავს.
როგორც კობახიძემ “რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს განხორცილების საფრთხე არ ემუქრება.
„რაც შეეხება ანაკლიას, ანაკლიის პორტთან დაკაშირებით იქნება ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის. ეს არის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტი ანუ აქაც შევდივართ რაღაც აბსურდში - ხელისუფლებას აბრალებენ იმის დაბლოკვას, რასთან დაკავშირებითაც თვითონ მიიღო გადაწყვეტილება... მე შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება რაღაც განცხადებით კი არ გვაქვს მიღებული, ეს გადაწყვეტილება არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. ამ კონსტიტუციას ხმა მისცა მაშინ 155-მა დეპუტატმა. მხარი დაუჭირა მთელმა მთავრობამ, მთელმა პარტიამ“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე - „მაშინ მთავრობის მეთაური იყო გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ამ თემას შეეწირა“, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა:
„რა შუაშია კვირიკაშვილი, ეს იყო მთავრობის ერთსულოვანი გადაწყვეტილება... რამდენი შეხვედრაც მაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაგალითად ეკონომიკურ ტრანზიტთან საქართველოში, ყველასთან ვაკეთებთ მუდმივად აქცენტს პირადად ჩემი მხრიდან და მითუმეტეს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება აქცენტი ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. ესაა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი; ეს კონსტიტუციაშია ასახული და სულ რომ ვინმემ მოინდომოს ამ პროექტის დაბლოკვა, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც კობახიძემ დააზუსტა, უახლოეს დღეებში, ანაკლიის პორტზე საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.
„რა ვალდებულება როგორ შესრულდა სახელმწიფოს მხრიდან და მათ შორის პირველ რიგში, ამ კომერციული ორგანიზაციის მხრიდან, ამის თაობაზე საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას... აქ საუბარია, კომერციული გარიგების პორობების შესრულებაზე. უახლოეს დღეებში შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ; აბსოლუტურად ღიაა ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გარიგებასთან და ჩვენ შეგვიძლია სრული ინფორმაციის მიწოდება ამ საქმესთან დაკაშირებით. ეს პროექტი განიხილება როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და მისი განხორციელება ხელისუფლების ინტრესებშია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

























