პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა იმსჯელეს ევროკომისიასთან ახალი ფორმატის ფარგლებში განსახილველ თემატიკაზე, რომელიც ეკონომიკის, ვაჭრობის, კომუნიკაციების; განათლება-მეცნიერების, ინოვაციებისა და კულტურის სფეროებთან ერთად, მოიცავს მართლმსაჯულებასა და შიდა უსაფრთხოებას, სამოქალაქო დაცვის ჩათვლით.
შეხვედრის ფარგლებში, ევროპულ მხარესთან რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომლებიც საქართველოსთვის ჯამში 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების მიერ ორივე მხარისთვის მოტანილ ხელშესახებ შედეგებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირს, პარტნიორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ამომწურავი ურთიერთობა საქართველოსთან აკავშირებს.
"ასოცირების ხელშეკრულებას მოაქვს ხელშესახები შედეგები როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და იძლევა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა კონკრეტული პოზიტიური შედეგების უზრუნველყოფა ყველა მიმართულებით - იქნება ეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის უნარების განმტკიცება საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებისა და მასზე წვდომის უზრუნველყოფა, ინვესტიციები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, თუ ახალგაზრდა ქართველებისთვის განათლების მისაღებად თუ ტურიზმისთვის ევროპაში ჩამოსვლის მეტი შესაძლებლობის შეთავაზება", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირმა 2014 წლიდან დღემდე საქართველოს 90 მლნ ევროს დახმარება გამოუყო და უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამოიყოფა.
„მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მაქვს საშუალება, საქართველოს მთავრობას მივესალმო და ჩემს ძალიან კარგ მეგობარს, ბატონ მამუკას და კომისიას, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევისთვის შეიქმნა. განსაკუთრებულია ეს შემთხვევა ნამდვილად, იმდენად, რამდენადაც, განსაკუთრებული დღეა, დიდი დღეა საქართველოსთვის და ევროპის კავშირისთვისაც. დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორობას და ეს შეეხება ორივე მხარეს - საქართველოსაც და ევროკავშირსაც. ეს არის ის პარტნიორობა, რომელიც დიდი ხანია ვითარდებოდა. ჩვენ საერთო ისტორია და გეოგრაფია გვაქვს. მე საქართველოშ პირველად მიმდინარე წლის 26 მაისს ვიმყოფებოდი. მქონდა პატივი იმისა, რომ მენახა, რამდენად გამბედავია ქართველი ხალხი, რამდენად დიდი ამბიცია აქვს ამ ერს, რომ ევროპის ოჯახში დაბრუნდეს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ბედი, ევროპისა და საქართველოსი არის ერთად გადაჯაჭვული და ჩვენ ორივეს გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას, განხორციელდეს რეფორმები საქართველოში და ჩვენი მხარდაჭერაც მით უფრო დიდი იქნება. 2014 წლიდან 90 მილიონი ევროს დახმარება გამოვყავით უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალისხმევის განსახორციელებლად და უახლოეს მომავალშიც მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამოიყოფა. მივესალმები, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ევროპული სკოლა გაიხსნა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველო უახლოვდება ევროპას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.