თბილისის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები დახურული ფორმატის შეხვედრაზე, საკრებულოსა და პარლამენტის მმართველი გუნდის მაჟორიტარებს გააცნო. შეხვედრას არც "სითი ინსტიტუტის" და არც ოპოზიციონერი დეპუტატები ესწრებოდნენ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რასაც თბილისის მერია გენგეგმის დოკუმენტში ხედავს.
"კონცეფცია, რომელიც იყო წარმოდგენილი შედგებოდა სამი ნაწილისგან, რასაც ჩვენ ვეთანხმებით. როგორ არ უნდა მოგწონდეს მწვანე ქალაქი, თუმცა როგორ უნდა განხორციელდეს, შესაძლებელია თუ არა ამის განხორციელება არ არის წარმოდგენილი.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა აშენდეს ხიდები, უნდა გადავიდეს რკინიგზა, გვეუბნებიან, რომ იქ უნდა გაკეთდეს ცენტრალური ავტომაგისტრალი, ამ დროს თვითონვე ამბობენ, რომ ქალაქს არ გააჩნია სატრანსპორტო მასტერპლანი და აუცილებელია ამ დოკუმენტზე კვლევების ჩატარება. თუ ეს დოკუმენტი არის გასაკეთებელი და კვლევები უნდა ჩატარდეს, მაშინ რაზე დაყრდნობით მეუბნები რომ მაგალითად რკინიგზა გადავიდეს და იქ უნდა გაკეთდეს ავტომაგისტრალი, თუ კვლევები არ ჩაგიტარებია. ბევრია ასეთი ხარვეზი და შეუსაბამობებია", - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ვისთან ერთად გააგრძელებს მერია დოკუმენტზე მუშაობას.
"ჩვენ ვართ მომართული იმისკენ, რომ დოკუმენტი შევიმუშაოთ. ვისთან ერთად, როგორ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მოგახსენებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

























