თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მობინადრეების პრობლემის გადაჭრის ხედვას დედაქალაქის მთავრობა უახლოეს მომავალში წარმოადგენს. ამის შესახებ ელოშვილმა facebook-ლაივში განაცხადა.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ დავდებთ ხედვას, წინადადებას როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა. საუბარია, რამდენიმე კვირაზე, რომ ჩვენ შევთავაზოთ წინადადებები; ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულების პოზიცია - თითოეული მხარე - როგორც მერია, ისე დაზარალებულები გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეთ, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა ელოშვილმა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურმა „სვეტის“ მენაშენეები დაზარალებულად სცნო. ხოლო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები მენაშენეთა თანხების უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს.
სამშენებლო კომპანია „სვეტს“ 2000-მდე დაზარალებული მენაშენე ჰყავს.
ამ დროისთვის მშენებლობა თბილისში მდებარე 4 და ბათუმის 1 ობიექტზეა შეჩერებული.

























