მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უაზრობაა, რომ ივანიშვილმა ბაჩიაშვილი გაალახინა... ანუ თავად ჩაირტყა თავში ჩაქუჩი [ივანიშვილმა]?! - ქობულია

გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „თანაივესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს ამაზრზენს უწოდებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა. ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის საზიანოა, ამიტომ ბაჩიაშვილის ცემასთან ივანიშვილის კავშირის დაჯერება უჭირს.

- თუ ჩხუბი მოწყობილი იყო, ეს ამაზრზენია და, რა თქმა უნდა, უნდა გამოიძიონ და აბსოლუტურად ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ეს გააკეთა...

- გჯერათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ცემას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება, ამ ქვეყანაში ვინმე სხვა გაბედავადა?

- შეიძლება არ გაბედავდა, მაგრამ არის ხალხი, რომელსაც ჰგონია, რომ „კარგ რამეს გავუკეთებ ჩემს ხელმძღვანელს“, მაგრამ სინამდვილეში უტვინო ხალხს, ვინც ეს გააკეთა, თუ მართლა მიზანმიმართულად გაკეთდა, არ ესმის, რომ ამ სულელური საქციელით „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს დაარტყეს.

- არ უშვებთ იმის ალბათობას, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ამ ფორმით გიორგი ბაჩიაშვილის დაშინება? [მან განაცხადა, რომ ცემამდე 3 დღით ადრე, ციხის უფროსმა მეგობრული ტონით, ივანიშვილისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის მიცემა ურჩია]....

- ეს უაზრობაა ანუ თავად ჩაირტყა თავში ჩაქუჩი [ივანიშვილმა]. რატომ?! მთელმა ქვეყანამ და უცხოეთმა რომ ილაპარაკოს, თურმე ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი გაალახინა ციხეში?! მგონი, ჯერჯერობით, აზროვნებით ამ დონეზე არ დასულა, თუმცა შეიძლება სხვას სხვა აზრი აქვს...

- გახმაურებულ საქმეებს შორისაა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა... მსგავსი ფაქტები რას ამბობენ ქვეყნის შესახებ - დღეს ხომ კერძო სექტორში ხართ...

- არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ფაქტია, ამომრჩევლების კონსოლიდაციისთვის „ქართული ოცნების“ ახალი ხაზია კორუფციასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა - ამას ვხედავთ ყოველდღე. რამდენად რეალურია ეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეს არის ერთ-ერთი ხაზი მმართველი პარტიის; მგონი, „ოცნება“ ამას ამზადებს როგორც ერთ-ერთ ახალ შეთავაზებას ამომრჩევლისთვის...

- გჯერათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კორუფციასთან ბრძოლა გულწრფელად გადაწყვიტა თუ სიტუაციური ქცევაა - ციხეშია რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ასევე, არაოფიციალურად, კორუფციასთან დაკავშირებული კითხვები ვრცელდება თორნიკე რიჟვაძის საქმეშიც...

- ვფიქრობ, [კორუფციასთან ბრძოლა] სიტუაციურია, რადგან ყველასთვის წარმოუდგენელია , რომ რომეო მიქაუტაძე ან თორნიკე რიჟვაძე რამეს გააკეთებდნენ „ზემოდან“ მწვანე შუქის გარეშე... კორუფცია მათი [ოცნების] სისტემის ნაწილია და ბოლომდე ვერ ამოიღებენ, მაგრამ რაღაც დონეზე უნდა ამოიღონ, რაც შეუწყობს ხელს ეკონომიკის ზრდასაც...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები