მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უბედური შემთხვევის ადამიანურ ფაქტორში იგულისხმება არა მუშების, არამედ მენეჯმენტის გადაცდომა"

5b2cc0e7c3f16
BM.GE
22.06.18 13:26
786
"განზრახ თუ უნებლიეთ, დაზარალებულთა ოჯახებისთვის, ჟურნალისტების მხრიდან არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ გააჩინა აზრი, თითქოს პროფკავშირების გაერთიანება მუშებს ადანაშაულებს 2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიაში, რომლის შედეგადაც 6 მეშახტე დაიღუპა და 3 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გუშინ უკრაინელი ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული კვლევა იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა გამოიწვია არა ბუნებრივმა მოვლენამ, არამედ ადამიანურმა ფაქტორმა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადამიანურ ფაქტორში იგულისხმება არა მუშების გადაცდომა, (როგორც ეს უკვე გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე არაერთხელ ითქვა) არამედ მენეჯმენტის მიერ დარღვეული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები, რის გამოც მომსწრენი გავხდით არაერთი ფატალური შემთხვევისა ბოლო წლებში.
ჟურნალისტებს მოვუწოდებთ - ასეთი სენსიტიური თემების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და გამწარებული ოჯახების გაღიზიანების ნაცვლად მათი სწორი ინფორმირება უზრუნველყოს.

აქვე ვაცხადებთ, რომ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ველოდებით კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენას საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან - თუ ვინ აძლევდა მეშახტეებს განკარგულებებს მიწის ზემოდან, ვინ და რატომ გასცა საამფეთქებლო მასალები და რატომ მოხდა ადამიანების მასის კონცენტრირება ერთ კონკრეტულ (აფეთქების) ადგილზე.

კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მიღებული მასალებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ სს"საქნახშირი"ს ინტერესშიც უნდა იყოს, რომელსაც ამ მომენტშიც კი აქვს რესურსი გამოკვეთოს ისინი“, - განმარტავენ პროფკავშირებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები