კომპანია Uber-ი ციფრული სამუშაო პროცესების დასაჩქარებლად და ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად Amazon-ის მიერ შექმნილ ჩიპებს გამოიყენებს. Amazon Web Services-ის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება არსებული ღრუბლოვანი პარტნიორობის გაფართოებას გულისხმობს. როგორც ირკვევა, Uber-ი Graviton-ის სერიის პროცესორების გამოყენებას აპირებს და მათი დანიშნულება მგზავრობისა და მიტანის სერვისების ოპტიმიზაცია იქნება. რაც შეეხება Trainium-ის ჩიპებს, მას კომპანია იმ AI მოდელების დასატრენინგებლად გამოიყენებს, რომლებიც კომპანიის აპლიკაციების მუშაობას უზრუნველყოფს.
პარტნიორობის ფარგლებში, Uber-ი ციფრული ინტერფეისის დახვეწას, მგზავრობის შერჩევის პროცესის დაჩქარებასა და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციას გეგმავს. კომპანიის მიზანია, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს და მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი სერვისები შექმნას. ახალი აპარატურა Uber-ს საშუალებას მისცემს, მზარდი მონაცემთა ნაკადები უფრო ეფექტურად და სწრაფად დაამუშაოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Amazon-ი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ჩიპების წარმოებაში, რათა ხელოვნური ინტელექტის მოდელების მომზადებასა და გამოყენებაზე არსებული მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. როგორც AWS-ში აცხადებენ, ისინი ცდილობენ, შექმნან მსხვილი კორპორაციული კლიენტებისთვის მიმზიდველი პლატფორმა და მათ ბაზარზე არსებული სტანდარტული პროცესორების ალტერნატივა შესთავაზონ.




























