ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების იანვარ-ივლისის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 7 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 2,061,606 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 103,000-მდე ჯარიმა დაწერეს, რაც წინა წელთან შედარებით 18 ათასი ჯარიმით ნაკლებია.