UBS/Credit Suisse-ი აგრძელებს სამართლებრივ დავებს სინგაპურსა და ბერმუდაზე იმისთვის, რათა ბანკმა ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი 743 და 607 მილიონი დოლარი არ გადაიხადოს. საქმე უკავშირდება დავებს, რომლებიც უკვე არაერთი წელია გრძელდება და რაც ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდება.
Bloomberg-ის თანახმად, ორშაბათს UBS/Credit Suisse-ის ადვოკატმა სინგაპურში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ ბანკმა ვერ გადადგა სათანადო ღონისძიებები, რათა შეეჩერებინა ან გამოევლინა არაავტორიზებული ფინანსური ოპერაციები, რომლებსაც პატრიკ ლესკადრონი ახორციელებდა. აღნიშნული წარმოადგენს სიახლეს, იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე დაცვის მხარეს არასოდეს არ უღიარებია პასუხისმგებლობა, ივანიშვილი კი დავობს, რომ ბანკმა მის წინაშე გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რადგანაც ვერ უზრუნველყო ასობით მილიონი დოლარის თაღლითური ოპერაციების შეჩერება.
“მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს”, - წლების წინ განაცხადა ივანიშვილმა საქმესთან დაკავშირებით.
სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს, რომელიც ამჟამად UBS-ის ჯგუფის შემადგენლობაშია, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 743 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 2022 წლის ივლისში კი ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის სადაზღვევო ოფისს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. რამდენადაც ცნობილია სინგაპურის დავაში დაკისრებული კომპენსაცია ბანკმა ესქრო ანგარიშზე განათავსა და ივანიშვილი მას სასამართლო დავებში საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ მიიღებს.