მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებას სახალხო დამცველს გავუგზავნით, რომელიც მისი გაცნობის შემდეგ საკუთარი პოზიციის არამართებულობაში დარწმუნდება

63177de269c1f
BM.GE
06.09.22 22:00
500

 ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩააბარა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ერთ-ერთი ყველაზე კომპტენენტური და დასაბუთებულია. ისინი ამ გადაწყვეტილების გაგზავნას სახალხო დამცველისათვის აპირებენ, რომელმაც სასამართლო მეგობრის სახელით უჩა მამაცაშვილის და ანტიკორუფციული მოძრაობის საქმეზე დასკვნა წარადგინა.

„ეს არის ვრცელი, სამოცგვერდიანი გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლემ დეტალურად შეაჯამა ყველა მონაწილე მხარის და მოწმის მოსაზრებები, არგუმენტები, მტკიცებულებები და მიიღო ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავი, კომპეტენტური და დასაბუთებული გადაწყვეტილება. თავისთავად ის ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი აქვს, როგორც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, ისე ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები ამ ტიპის დავებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილების დამაჯერებლობას და კომპეტენციის მაღალ ხარისხს.

სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ ადამიანის პატივი და ღირსება არის შეუვალი, როგორც ამას ადგენს კონსტიტუცია და მისი შელახვა არ უნდა მოხდეს არც ერთ შემთხვევაში, მით უფრო ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების ხარჯზე. სასამართლომ ასევე გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ ე.წ. ანტიკორუფციულ მოძრაობას არ ჰქონდა არანაირი კვლევა ჩატარებული, როდესაც მისი სპიკერები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე ცილს სწამებდნენ ბატონ უჩა მამაცაშვილს.

შესაბამისად დადასტურდა, რომ ყველა ეს განცხადება იყო მათ მიერ დაგეგმილი ტყუილის კამპანიის ნაწილი. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავუგზავნით სახალხო დამცველს და ვიტოვებთ იმედს, რომ გაცნობის შემდეგ, ის დარწმუნდება რამდენად სუბიექტური და უსამართლო იყო მისი, როგორც სახალხო დამცველის პოზიცია ამ დავაზე, როდესაც აშკარად მოუმზადებელი და ცალმხრივი დასკვნა წარუდგინა სასამართლოს. ასევე ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას დავუსხდეთ ნებისმიერ ფორმატში და დავუმტკიცოთ, როგორც ამ გადაწყვეტილების, ისე ჩვენი პოზიციების მართებულობა,“-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას მიერ, მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ყველაბრალდება ცილისწამებად იქნა აღიარებული, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულ მოპასუხეს 5000 ლარი დაეკისრა, რომელიც უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადებით მოხუცებულთა თავშესაფარს გადაერიცხება.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები