მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჩვეულო გადახდები მეტროთი მგზავრობისას - აუდიტის დასკვნა სამგზავრო ბარათების გამოყენებაზე

5e3dc42944022
BM.GE
08.02.20 00:17
5973
თბილისში, მეტროთი მგზავრობის ღირებულების გადახდის მონაცემების შესწავლით უჩვეულო გადახდები გამოვლინდა , - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 2017-2018 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშა აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს სამართლებრივი აქტი არ აკონკრეტებს რამდენჯერ არის შესაძლებელი უფასო მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში სამგზავრო ბარათით, რამაც პრობლემები წარმოშვა.

„შეზღუდვას არ აწესებს შესაბამისი მომსახურე მხარის მიერ დანერგილი მართვის სისტემაც. გარდა ამისა, პირველი გადახდის შემდეგ ბარათის სხვადასხვა აპარატზე გატარებით, ბარათის მფლობელს შეუძლია მრავალჯერადად მოიპოვოს შეღავათიანი მგზავრობის უფლება. გადახდის მექანიზმის ამ ნაკლოვანებით აქტიურად სარგებლობენ როგორც საშეღავათო, ისე სამგზავრო ბარათების მფლობელები. კერძოდ, დაინტერესებული პირი სარგებლის მისაღებად იყენებს გადახდის სხვადასხვა ვალიდატორს – მეტროს სადგურების მიმდებარედ ბარათს ატარებს კომპანიის ნებისმიერი ავტობუსის გადახდის აპარატზე და მოიპოვებს მომდევნო უფასო მგზავრობის უფლებას მეტროში.

პროცესი შეიძლება განმეორდეს მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, სამგზავრო ბარათის ერთ-ერთმა მფლობელმა 2017 წლის 6 იანვარს ბარათი გამოიყენა 50-ჯერ. აქედან, მეტროს სადგურ „სამგორში“ – 28-ჯერ და სხვადასხვა ავტობუსში (გადახდის შუალედებში) – 22-ჯერ. პირმა მგზავრობის ღირებულების სახით 25 ლარის ნაცვლად გადაიხადა სულ 3 ლარი, ხოლო მერიამ დადგენილი წესის შეუსაბამოდ გავრცელებული შეღავათისათვის კომპანიას აუნაზღაურა 22 ლარი. ანალოგიურად, ერთ-ერთი საშეღავათო ბარათი მეტროს სადგურებსა და ავტობუსებში გამოყენებულია 60-ჯერ. ბარათიდან ანაზღაურებულია 0.6 ლარი, ხოლო მერიამ ზედმეტად გადაიხადა 29.4 ლარი“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნაში მოყვანილია სამგზავრო ბარათების ბევრჯერ გამოყენების სხვა მაგალითებიც. 

„მგზავრობის ღირებულების გადახდის მონაცემების შესწავლით გამოვლინდა უჩვეულო გადახდები. კერძოდ, მეტროს ტურნიკეტის გავლისას გამოყენებულია სამგზავრო ბარათები; გადახდების რაოდენობა დღის განმავლობაში აღემატება 50 ერთეულს და ანაზღაურებულია ძირითადად მეტროს ერთსა და იმავე სადგურებში; გადახდები განხორციელებულია მოკლე შუალედებით, თითოეულ გატარებაზე გადახდილია 50 თეთრი და როგორც წესი, ბარათზე არსებული თანხა ათვისებულია სრულად.

მაგალითად, ერთ-ერთმა მგზავრმა 2018 წლის 23 ნოემბერს 9:47 საათიდან 12:32 საათამდე სადგურ „ვარკეთილში“ სამგზავრო ბარათი გამოიყენა 86-ჯერ და დახარჯა 42.5 ლარი. 16 შემთხვევაში მომდევნო და წინა გადახდის დროს შორის სხვაობა 15 წამზე ნაკლებია. მგზავრი აღნიშნულ პერიოდში არ გადაადგილებულა სხვა სადგურში და არ უსარგებლია ავტობუსით. ბარათის გამოყენება შეწყდა ანგარიშის ამოწურვის შემდეგ. მგზავრთა გადაყვანის 2018 წლის 23 ნოემბრის მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ არსებობდა სხვა ცხრა სამგზავრო ბარათი, რომლებიც ანალოგიური პრინციპით გამოყენებულია სულ მცირე 50-ჯერ. სულ ათივე ბარათი მეტროს სადგურებში გატარებულია 773-ჯერ და გადახდილია 372 ლარი. აქედან შვიდი ბარათის ანგარიში განულებულია“, - წერია ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, კომპანიამ არ დააწესა საკმარისი კონტროლი და სათანადოდ არ გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება დარღვევით გამოყენებული მგზავრობის შეღავათიანი გადახდების აღსაკვეთად მეტროთი გადაადგილებისას, სადაც არსებობს შეუსაბამობის მეტი ალბათობა. ამასთანავე, მერიის მიერ დაწესებული სატარიფო სისტემა და კომპანიის მომსახურე საწარმოს მართვის მექანიზმი შეიცავს ხარვეზებს და ვერ უზრუნველყოფს მგზავრობის ფასდაკლების სისტემის გამართულ მუშაობას.

„აღნიშნული ნაკლოვანებების გამო, ქ. თბილისის მერიამ 2017-2018 წლებში სავარაუდოდ 414 ათასი ლარით აანაზღაურა არსებული წესის შეუსაბამოდ გამოყენებული შეღავათიანი მგზავრობის ღირებულება“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები