პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პარლამენტში სიღრმისეული განხილვა გაიმართება.
„ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევუდგეთ საკითხის სიღრმისეულ განხილვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება მიღებული და ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას, რომელიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.
გაზეთ “კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ილია წულაიას ეკუთვნით.
ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების საფუძველი გახდება ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის ღირებულებაც 100 ათას აშშ დოლარს აღემატება.
ამას გარდა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს კი, მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.
დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

























