ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთი დიდი წარმატების მაგალითია და ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოც წელიწადში ქვეყანა მწირი რესურსებითა და სავალალო საბჭოთა მემკვიდრეობით იქცა გლობალური დემოკრატიისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოთამაშედ.
თავისი მიზანმიმართულობით, სამუშაო ეთიკითა და სიმტკიცით, ესტონეთმა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც მისაბაძმა მაგალითმა ბევრი ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც.
ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე. 2014 წელს ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ.
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას.
ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. ჩვენ, როგორც განვითარების გზაზე მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის შემდგომი დივერსიფიკაციისა და ცოდნაზე დაფუძნებული წინსვლისკენ, ეს გეგმა მოგვცემს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პროგრესის მიღწევის საშუალებას.
ჩვენი გეგმის პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული განათლების სისტემა, სივრცითი მოწყობა და ეფექტიანი მმართველობა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედებს მიმზიდველი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა:
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, რომლის ახალი მაჩვენებლები სულ რაღაც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. გასულ წელთან შედარებით, ჩვენი რეიტინგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა.
Frazer Institute-ის გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის.
გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში - მე-8 ადგილზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გადასახადების ჯამური ინდიკატორის თანახმად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას. განვითარებასა და ახალი სამუშაოების შექმნაში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ ბიზნესებისთვის გავაუქმეთ მოგების გადასახადი გაუნაწილებელ დივიდენდებზე. ამ კუთხით, ჩვენ, ისევ და ისევ, ესტონეთის მაგალითი გავიზიარეთ.
გასული ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ბიზნესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების თვალსაზრისით, როგორებიცაა: კორუფციის აღქმის ინდექსი - 38 პოზიციით; საკუთრების უფლების დაცვის მონაცემებით - 74 პოზიციით; სასამართლოს მიუკერძოებლობის თვალსაზრისით - 39 პოზიციით; საბაზრო დომინირების მაჩვენებლის კუთხით - 45 ადგილით; ინვესტიციების საგადასახადო წახალისების ეფექტის თვალსაზრისით - ჩვენი პოზიციები 21 ადგილით გაუმჯობესდა; ხოლო მაკროეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით - 89 ადგილით.
ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გარდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ასევე წარმოადგენს საქართველოს უპირატესობას კონკურენტუნარიანობის კუთხით. ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად.
უცხოელ მეწარმეებს ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გასაფართოებლად და რეგიონში განსავრცობად, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. საქართველო ასევე სთავაზობს გასასვლელს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც და შემდეგ ორი მილიარდი მომხმარებლის მქონე აღმოსავლეთის ბაზრებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით და ნორმატიულ წვდომას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების წყალობით. საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და პრეფერენციული რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან. გარდა ამისა, წელს ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებების დაწყებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვავითარებთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს, მათ შორის ახალ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც განლაგებულია ჩინეთიდან ევროპისკენ უმოკლესი მარშრუტის გაყოლებაზე და რომელიც იქცევა აბრეშუმის გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კარიბჭედ. გარდა ამისა, ამ პროექტის კვალდაკვალ შენდება საგზაო, სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.
ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის ფარგლებში ორი დღის წინ ჩვენ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან და ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც უკვე მოიხსენებენ, როგორც შუა დერეფანს ჩინეთ-ევროკავშირის სატრანსპორტო რუკაზე.
ესტონური ბიზნესსექტორის ძვირფასო წარმომადგენლებო, - ეს არის კარგი საფუძველი საქმიანობის დასაწყებად. 2015 წელს ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ექვსჯერ, ხოლო 2016 წელს 52%-ით გაიზარდა. 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა თითქმის 6%-ით. მართალია, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობა მცირეა, მაგრამ დინამიკა ნამდვილად იმედისმომცემია და არსებობს ზრდის საკმარისზე მეტი შესაძლებლობა.
გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ფორუმი იქცა განსაკუთრებულ პლატფორმად საქართველოში არსებული ახალი შესაძლებლობების შესასწავლად და ახალი ბიზნესინიციატივების წამოსაწყებად. ჩვენი მთავრობა მზად არის ჩვენს ქვეყანაში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებას და მტკიცე ეკონომიკური პარტნიორობის შექმნას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
მაქვს პატივი, სიტყვა გადავცე ესტონეთის პრეზიდენტს, ქალბატონ კერსტი კალიულაიდს. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად გადავუხადო მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და განვითარების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

























