უცხოელ ტურისტებს ქართული ხალხური სიმღერები აინტერესებთ, ამის შესახებ Bm.ge-ს სიღნაღელმა მეღვინემ ჯონ ვურდემანმა განუცხადა.
"უცხოელების მხრიდან ძალიან დიდია მოთხოვნა, ნამდვილ, ქართულ ხალხურ სიმღერებზე, მათ არ უნდათ ჩვეულებრივი შოუები, რაც ძირითადად ქართულ რესტორნებშია, მათ არ უნდათ ჩოხა და დადგმული ცეკვაც, უნდათ ნამდვილი, ხალხური, თბილი სიმღერა, როგორც ოჯახშია. სწორედ ამ კონცეფციით ვამუშავებთ რესტორანს ,,პოლიფონია“, რომელიც მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე, ამაღლების ქუჩაზეა „ - განაცხადა ვურდემანმა.
ქართული სიმღერის, ღვინისა და კერძის გარადა, "პოლიფონიაში“ ტურისტებს შემეცნებით ტურებსაც სთავაზობენ.
"გადავწყვიტეთ, რომ საღამოს საათებში ჩვენს რესტორანში იყოს ტრადიციული მომახურება, ხოლო დღე საგანმანათლებლო ეს განსხვავებული კონცეფციაა, ამაზე ტურისტების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ეს რესტორანი უკვე წელიწადია მუშაობს და საკმაოდ დატვირთულია. მოდიან ქართველებიც, ვისაც ძირითადად სტუმრები მოჰყავთ და უცხოელებიც, მათ შორის ისინიც, ვინც საქართველოში ცხოვრობენ. ასევე არის ქართველების კონტინგენტი, ვისაც განსხვავებული საჭმელი და ღვინო უნდა, თუმცა სამწუხაროდ მათი რაოდენობა მცირეა.
აქ ქართული კერძები მცირე პორციებად იყიდება, პატარა თეფშებით რომ მათ ბევრნაირი კერძის დაგემოვნება შეძლონ და რაც მთავარია, ასეთი ფორმით იაფი უჯდებათ, საკვები ქართული ინგრენდიენტებით მზადდება. მალე გერმანელი მზარეული გვეყოლება, რომელიც მიშელინის ორვარსკვლავიან სასტუმროშია ნამუშევარი, ის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან იქნება.
ასევე, "პოლიფონიაში“ გვაქვს სიახლე: შუადღეზე რესტორანი ყოველდღიური მომსახურებისთვის დაკეტილი იქნება, მაგრამ ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს უცხოური, თუ ქართული ჯგუფებისთვის, დიდი დიაპაზონის დეგუსტაციებზე, მაგალითად: ვასინჯებთ მხოლოდ ერთი დასახელების ღვინოს, მაგალითად რქაწითელს, 6-7 რეგიონიდან და ვსაუბრობთ, ერთიდაიგივე ჯიშს როგორი სხვადასხვა გამოხატულება აქვს, დაყენების მეთოდიკის, თუ სხვადასხვა კლიმატის გავლენით. ნიადაგიდან გამომდინარე, იგივე შეიძლება გაკეთდეს საფერავზეც.
ასევე ვაკეთებთ რეგიონულ შედარებას, ანუ საქართველოს 5-6 რეგიონიდან ვიღებთ თითო ტრადიციულ კერძს, ღვინოს და სიმღერას. ვყვებით ამ რეგიონის ისტორიის შესახებ და იმაზე, თუ როგორი ზეგავლენა იქონია მან იქაური სამზარეულოს, ღვინის, თუ სიმღერის ჩამოყალიბებაზე”,- განაცხადა ჯონ ვურდემანმა.