მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელების მიერ კერძო მესაკუთრეებიდან ბინების დაქირავების ზრდამ უძრავი ქონების სააგენტოები დააზარალა“

6318b28e776b7
ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.22 20:00
1433
უძრავი ქონების კომპანია "ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებლის ვაჟა მებაღიშვილის განცხადებით, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიგრაციის გამო, კერძო მესაკუთრეების მხრიდან პირადი გაქირავების ფაქტების ზრდამ, უძრავი ქონების სააგენტოები დააზარალა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საცხოვრებელი ბინების გაქირავების ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მარტ-აპრილში ბინების მესაკუთრეების მხრიდან შემცირებული მოთხოვნა დღეს დასტაბილურებულია.

„მოთხოვნა მარტ-აპრილში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე ძალიან დიდი იყო. თუმცა თავიდანვე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის არ მიგვექირავებინა. იმ პერიოდში კერძო მესაკუთრეები დახარბდნენ გაჩენილ შესაძლებლობას და მათი დიდი ნაწილი კერძო გაქირავების გზას დაადგა, რაც აძლევდათ მათ საშუალებას უფრო ძვირად მიექირავებინათ. ამ პერიოდში ქირავნობების დიდი ნაწილი ხელშეკრულებების გარეშე ხდებოდა. ამან ჩვენს სექტორში კოლაფსი შექმნა.

ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს დიპლომატიურ კორპუსზე და ფიზიკურად მათთვის ქონებები აღარ გვქონდა, რადგან მესაკუთრეები უარს ამბობდნენ სააგენტოს გავლით გაქირავებაზე. არსებულმა მდგომარეობამ უძრავი ქონების ფასებზეც დიდი გავლენა მოახდინა, იმდენად რომ რეალობას იყო აცდენილი. ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ გვაქვს, რომ ფასების ზრდა ასეთი მაღალი ყოფილიყო. მესაკუთრეებთან გვიწევდა იმის ახსნა, რომ ეს დროებითი პროცესი იყო და ამის მსხვერპლი არ უნდა გამხდარიყვნენ. დღეს კი მათი მხრიდან უძრავი ქონების სააგენტოებში ბინების გაქირავებაზე მოთხოვნა დასტაბილურებულია.

შექმნილმა ვითარებამ უძრავი ქონების კომპანიები აზარალა, თუმცა ეს არ ყოფილა დამანგრეველი და ჩვენ მალე შევძელით მოვრგებოდით მდგომარეობას“, - განმარტა ვაჟა მებაღიშვილმა.

რაც შეეხება უცხოელების მხრიდან ქირავნობის პირობების დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს, ვაჟა მებაღიშვილი, რომელიც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარეცაა, აცხადებს, რომ გაერთიანება მდგომარეობაში სიცხადის შეტანის მიზნით, წევრი კომპანიის ფარგლებში მოკვლევას ჩაატარებს და შედეგებს BM.GE-ს გაუზიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები